შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები პანდემიის დროს: გლობალური ანგარიში



შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები პანდემიის დროს: გლობალური ანგარიში

წინამდებარე ანგარიშს ერთი ძირითადი მიზანი აქვს: გამოაცხადოს განგაში მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის კატასტროფულ ზემოქმედებასთან დაკავშირებით და დააჩქაროს სწრაფი რეაგირება მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში.

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სწრაფი გლობალური მონიტორინგის ინიციატივის - "კოვიდ-19-ის დროს შშმ პირთა უფლებების მონიტორის" შედეგები. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებზე მომუშავე შვიდი წამყვანი ორგანიზაციის მიერ დაფინანსდა, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან 8 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა. ანგარიშში თავმოყრილია 134 ქვეყნის 2,152 რესპონდენტის, ძირითადად შშმ პირების ჩვენება და გამოტანილია შემაშფოთებელი დასკვნა, რომ სახელმწიფოებმა, შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის დროს, ვერ მიიღეს საკმარისი ზომები შშმ პირთა დასაცავად პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში.

ანგარიშში განხილული ყველაზე შემაშფოთებელი საკითხი არის ის, რომ ზოგიერთი სახელმწიფო აქტიურად ახორციელებდა პოლიტიკას, რომელიც იწვევდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების მასშტაბურ დარღვევებს და ამავე დროს ზემოქმედებას ახდენდა სხვა უფლებების ფართო სპექტრზე. ეს უფლებებია: თავისუფლების უფლება, წამების, არასათანადო მოპყრობის, ექსპლუატაციისა და ძალადობისაგან თავისუფლება; დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ინკლუზიური განათლების უფლება. მსგავსი პრაქტიკა წარმოშობს დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევებს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და პირდაპირ უნდა მოხდეს მათი ეჭვქვეშ დაყენება ან თავიდან აცილება.

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემები მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს არ ეხება. იმ სიტუაციაში, როდესაც პანდემიამ ფაქტობრივად ყველა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებზე  მოახდინა ზეწოლა, წინამდებარე კვლევის ერთი მნიშვნელოვანი მიგნება არის ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმაციით, ისინი ყურადღების მიღმა დარჩნენ ქვეყნებში, განურჩევლად განვითარების დონისა - როგორც მაღალშემოსავლიან, ასევე განვითარებად სახელმწიფოებში. ხშირ შემთხვევაში ვირუსისა და სახელმწიფოს რეაგირების არაპროპორციული ზემოქმედება პროგნოზირებადი იყო და საჭირო იყო ნაბიჯების გადადგმა ზოგიერთი ყველაზე მძიმე შედეგის შესამცირებლად. ზოგიერთ შემთხვევაში, უმოქმედობამ ფატალური შედეგები გამოიღო. სხვა შემთხვევებში სახელმწიფოებმა იმოქმედეს, რამაც კიდევ უფრო მეტი ზიანი მოუტანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მაგალითად, ძირითადი და გადაუდებელი ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე უარის თქმით, გადატვირთული დაწესებულებების სახიფათო საყოველთაო ჩაკეტვით და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების მკაცრი აღსრულებით.

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა იყო, ის, რომ არ მოხდა შშმ პირების რეალური გათვალისწინება რეაგირების ერთობლივ ღონისძიებებში - როგორც ეროვნულ, ასევე გლობალურ დონეზე. როგორც ჩანს, პოლიტიკოსებმა სხვადასხვა დონეზე უარი თქვეს მოპყრობოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, როგორც მზრუნველობისა და კონტროლის ობიექტებს, რითაც შეარყიეს ბოლო წლების არაერთი მონაპოვარი მოქალაქეობის, უფლებებისა და ჩართულობის გაძლიერების თვალსაზრისით. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მოპოვებული და წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები გვიჩვენებს, რომ ეს არის მცდარი მიდგომა, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების განვითარებას.

თუ გვინდა გვქონდეს იმედი, რომ პანდემიას გავაკონტროლებთ, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფოების მიერ გატარებული ღონისძიებები ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებებს, რომლებიც რეალურად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს.

 

"შშმ პირთა უფლებების მონიტორი კოვიდ-19-ის დროს"

როდესაც 2020 წლის დასაწყისში მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებმა სწრაფად დაიწყეს საგანგებო ინფორმაციის მიღება შშმ პირებისგან, რომ ჩნდებოდა პრობლემები. გამოითქვა წუხილი ვირუსის გავრცელების შესახებ დაწესებულებებში, შშმ პირების სერვისები შეიზღუდა და ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ზოგადი ჯანდაცვის სერვისების მიღების პროცესში. 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ვირუსის გავრცელება გლობალურ პანდემიად გამოაცხადა, რის შემდეგაც სწრაფად იქნა მიღებული უპრეცედენტო ზომები მსოფლიოს სახელმწიფოების მიერ, საყოველთაო ჩაკეტვისა და „შინ დარჩენის“ მითითებების სახით. ბევრმა სახელმწიფომ საგანგებო ზომების შემოღებით ჯანმრთელობის დაცვის სისტემების რეორგანიზაცია მოახდინა და სახელმწიფოების უმრავლესობამ დაიწყო სკოლების, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკის დიდი ნაწილის ჩაკეტვა.

მარტში ვალიდურობის ფონდი გამოვიდა ინიციატივით საერთაშორისო გამოკითხვის შექმნის თაობაზე, რეალურ დროში ინფორმაციის მისაღებად, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს შშმ პირთა უფლებებზე ვირუსისა და პანდემიაზე რეაგირების სახელმწიფო ღონისძიებები. შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი,[i] , რომელიც დაკომპლექტდა მსოფლიოში შშმ პირთა უფლებების დამცველი შვიდი ორგანიზაციის წარმომადგენლებით. ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა "შშმ პირთა უფლებების მონიტორი კოვიდ-19-ის დროს". გამოკითხვა შემუშავებული იყო ინფორმაციის მისაღებად გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით (CRPD) გარანტირებული ძირითადი უფლებების დამცავი სახელმწიფო ღონისძიებების შესახებ. კითხვები ყურადღებას ამახვილებდა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ინკლუზიური განათლების უფლებებზე. დამატებითი კითხვები ეხებოდა შშმ პირთა განსაკუთრებით მარგინალური ჯგუფების, მათ შორის ბავშვების, ხანდაზმულების, უსახლკაროების, ქალებისა და გოგონების, ასევე დაწესებულებაში მცხოვრები ან სოფლად და მიუვალ ადგილებში მცხოვრები შშმ პირების უფლებების დასაცავად მიღებულ ზომებს.

შეიქმნა გამოკითხვის სამი ვერსია, საიდანაც თითოეული ორიენტირებული იყო დაინტერესებული მხარეების განსაზღვრულ კატეგორიაზე:

  1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი ოჯახის წევრები და წარმომადგენლობითი ორგანიზაციები;
  2. ხელისუფლების წარმომადგენლები; და
  3. ადამიანი უფლებათა დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნული ორგანიზაციები, პრევენციის ეროვნული მექანიზმები, და მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმები შშმ პირთა კონვენციის 33(2) მუხლის შესაბამისად.

გამოკითხვა გამოქვეყნდა 25 ენაზე სპეციალურად შემუშავებულ ვებსაიტზე – www.covid-drm.org – და დამატებით გავრცელდა საკოორდინაციო ჯგუფის საერთაშორისო ქსელებით. გამოკითხვის მიმდინარეობის პერიოდში ვებსაიტზე მოცემული იყო ანონიმური შემაჯამებელი ინფორმაცია მიღებული პასუხების რაოდენობისა და მათი გეოგრაფიული გავრცელების შესახებ, ასევე შერჩეული ციტატები. ამასთან, საკოორდინაციო ჯგუფმა ასევე განახორციელა რიგი მიზნობრივი მხარდამჭერი ინიციატივები და წინასწარი მიგნებები წარადგინა გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის სესიის გახსნაზე, რომელიც 17 აგვისტოს ვირტუალურად ჩატარდა.

 

 

მოკლე მიმოხილვა

 

ანგარიშის მიმოხილვა

ანგარიში მოიცავს ოთხ თემას, რომლებიც გამოიკვეთა გამოკითხვაზე მიღებული პასუხების ანალიზის პროცესში. ეს თემებია:

1.         არაადეკვატური ღონისძიებები დაწესებულების ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაცავად

2.         სათემო დახმარების სისტემების მნიშვნელოვანი და კრიტიკული მოშლა

3.         არაპროპორციული ზეგავლენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმცირესობებზე

4.         ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე უარი

პირველ და მეორე ნაწილებში დეტალურად არის აღწერილი  გამოკითხვის შემუშავებისა და გავრცელებისას გამოყენებული მიდგომა, მათ შორის შერჩეული მიდგომა და მეთოდები. შეგნებულად იქნა გამოყენებული კვლევის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა. ამასთან, როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი მონაცემების შერეული მეთოდით ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ოთხი ძირითადი თემა, რომლებიც განხილულია ქვემოთ. პასუხების დიდი უმრავლესობა შშმ პირებსა და მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებს ეკუთვნის, გამოკითხვის ფარგლებში მიღებული იქნა 3,000-ზე მეტი ინდივიდუალური წერილობითი პასუხი, სადაც მრავლად იყო აღწერილი სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციები 134 ქვეყანაში მცხოვრები შშმ პირებისთვის.

ზემოხსენებულისგან განსხვავებით, და მიუხედავად პროექტის პარტნიორების სერიოზული მცდელობისა, ძალიან ცოტა პასუხი იქნა მიღებული მთავრობებისა და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ორგანიზაციებისგან. თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტი ნათლად წარმოაჩენს კვლევის ერთ-ერთ ძირითად დასკვნას, კერძოდ იმას, რომ მთავრობებს ჯერ არ დაუნერგავთ პანდემიაზე რეაგირების რეალურად ინკლუზიური ღონისძიებები და ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს, თუ უკეთეს საზოგადოებებად ჩამოყალიბებას ვაპირებთ. მართალია, კვლევის ფარგლებში ვცადეთ ინფორმაციის მოძიება ადამიანის უფლებათა ეროვნული ორგანიზაციებიდან და სხვა დამოუკიდებელი ორგანოებიდან, პანდემიის დროს შშმ პირთა უფლებების მონიტორინგის თვალსაზრისით მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტამ თუ მოგვაწოდა პასუხი, ხოლო ვინც გვიპასუხა, განმარტა, რომ მონიტორინგის აქტივობები მეტად შეზღუდული იყო. შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი მონიტორინგის არარსებობა პანდემიის დროს, რაც აძლიერებს წინამდებარე კვლევის საჭიროებას.

მომდევნო ოთხ ნაწილში მოცემულია აღნიშნულ ოთხ თემასთან დაკავშირებული მიგნებების დეტალური ანალიზი.

მოკლე მიმოხილვა

 

მესამე ნაწილში აღწერილია მსოფლიოს სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში მცხოვრები შშმ პირების საგანგაშო მდგომარეობა. ასობით პასუხში აღწერილია მასობრივი სიკვდილიანობა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოუმზადებლობა და შოკისმომგვრელი მონათხრობი სრული ჩაკეტვის შედეგებისა მცხოვრებლებზე, რომლებსაც ელემენტარული ინფორმაციაც კი არ მიაწოდეს, თუ როგორ დაეცვათ უსაფრთხოება.

ეს მიგნებები ცხადად ადასტურებს შშმ პირთა უფლებადამცველების ყველაზე უარეს შიშებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სახიფათო ხასიათისაა ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილები თავისთავად, ნებისმიერ დროს, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები პირები სრულად უგულებელყოფენ დაცვის ზომებს. თავისთავად დაწესებულებაში მოთავსება უკვე ადამიანი უფლებათა დარღვევაა და იმის მიუხედავად, რომ ყველა სახელმწიფო, რომელსაც რატიფიცირებული აქვს შშმ პირთა უფლებების კონვენცია, ვალდებულია დაასრულოს ასეთი პრაქტიკა და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელ ცხოვრებას, მრავალ ქვეყნაში პანდემიამდე ამ მიმართულებით წინსვლის არარსებობამ დაწესებულების შშმ ბენეფიციარები უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა.

მრავალ ქვეყანაში რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ ზრდასრულმა და ხანდაზმულმა პირებმა ვერ მიიღეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაწესებულების პირობებში, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების სერიოზული დარღვევაა. ამ საკითხის მნიშვნელობაზე ყურადღების გასამახვილებლად, შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მიერ სექტემბრის დასაწყისში შექმნა დეინსტიტუციონალიზაციის სამუშაო ჯგუფი, იმ სახელმწიფოების სწრაფი რეაგირების მართვისა და ხელშეწყობის მიზნით, სადაც მსგავსი დაწესებულებები დღემდე არსებობს.[ii]

მეოთხე ნაწილში განხილულია მტკიცებულებები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სათემო ღონისძიებების მიწოდების სერიოზულ მოშლაზე მიუთითებს მრავალი სახელმწიფოს შემთხვევაში, სადაც ადამიანები დატოვეს იზოლირებულად ისეთ ძირითად საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე, როგორიცაა საკვები და კვება და აიძულეს ჯანდაცვის სერვისების მისაღებად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების გადასალახად ებრძოლათ. ეს ხდებოდა ისეთი ადამიანების შემთხვევაშიც კი, რომლებსაც გრძელვადიანი, ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ.

მიღებული ინფორმაციით, შინ მომსახურების სერვისები და პერსონალური დახმარების სქემები შეწყდა ან სერიოზულად შეიკვეცა მრავალ ქვეყანაში. იმ პირობებში, როდესაც მთავრობები დგამდნენ ნაბიჯებს საკუთარი მოსახლეობისთვის გადაუდებელი აუცილებლობის მარაგების მისაწოდებლად საყოველთაო ჩაკეტვის დროს, რიგი შშმ რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი მსგავსი სქემები.

მრავალმა რესპონდენტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ იძულებითი იზოლირების პერიოდები მძიმედ აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, პრაქტიკული დახმარების მიღების მცირე შესაძლებლობის პირობებში. ასეთ სიტუაციას, სავარაუდოდ, მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება. 

 

მართალია არსებობს ზოგიერთი დადებითი მაგალითი, როდესაც მთავრობამ დაიწყო პანდემიის შესახებ ინფორმაცია მიწოდება, მაგრამ ეს თანმიმდევრულად არ ხდებოდა და მრავალი რესპონდენტი საუბრობდა, რომ არ იყო ხელისაწვდომი პანდემიასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შემაშფოთებელი სურათი მივიღეთ კომენდანტის საათისა და შინ დარჩენის სხვა მითითებების აღსრულებასთან დაკავშირებით შშმ პირებთან მიმართებით. მივიღეთ უამრავი ინფორმაცია ძალადობის, შევიწროების, მუქარისა და არაპროპორციული ჯარიმების დაკისრების, ასევე რიგი ტრაგიკული უბედური შემთხვევების შესახებ. მოწოდებული ინფორმაციით, მრავალ ქვეყანაში ერთადერთი რეალური სათემო მხარდაჭერა მოხალისეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძოდ შშმ პირთა ორგანიზაციების მიერ ხორციელდებოდა, მსგავსი რეაგირება კი იშვიათად ფინანსდებოდა სახელმწიფო ორგანოების მიერ.

მეხუთე ნაწილში შეფასებულია შშმ პირთა უმცირესობების მდგომარეობა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ განიცდიდნენ დისკრიმინაციის მრავლობით ფორმას და მარგინალიზაციას, რამაც ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები გამოიწვია. უმცირესობები მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს და გოგონებს, უსახლკაროებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს, სოფლად ან მიუვალ ადგილებში მცხოვრებ პირებს, ყრუ ან სმენადაქვეითებულ პირებს, ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ფსიქოსოციალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ყრუ უსინათლო პირებს და აუტიზმის მქონე პირებს.

რესპონდენტების უმრავლესობამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ თითქმის არაფერი არ გააკეთა შშმ ბავშვების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ისინი გამოთქვამდნენ შეშფოთებას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მიუწოდებლობის, ოჯახებისათვის შეზღუდული დახმარების გაუქმებისა და შშმ ბავშვების თითქმის სრულად მოწყვეტის გამო განათლების სფეროდან, იმ სიტუაციაში, როდესაც სკოლები დაიკეტა ან ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, რაც, ძირითადად, არ იყო ხელმისაწვდომი. ამის გარდა, მრავალი პასუხი მიუთითებდა შშმ ქალთა და გოგონათა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის მკვეთრ ზრდაზე გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების სახით სამართალდამცავი ორგანოების ან ოჯახის წევრების მხრიდან.

გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, რომ იშვიათმა ხელისუფლებამ თუ გაატარა ზომები უსახლკარო და შშმ პირთა კონკრეტული სისუსტეების საპასუხოდ. მართალია, ზოგიერთმა მთავრობამ უზრუნველყო დროებითი საცხოვრებლები, მაგრამ სხვა შემთხვევებში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა აირჩიეს არასწორი მიდგომები, მაგალითად, ადამიანების ერთად შეკრება და მათი საკარანტინე სივრცეში ჯგუფურად მოთავსება.

მოკლე მიმოხილვა

 

ინფორმაცია მოწოდებულ იქნა კონკრეტული გამოწვევების შესახებაც სოფლად და მიუვალ ადგილას მცხოვრებ შშმ პირებთან მიმართებით, როგორც ძირითადი მარაგებისა და სერვისების არარსებობის, ასევე ინფორმაციაზე წვდომის შეუძლებლობის გამო. ძირითადად, პანდემიაზე სახელმწიფოს რეაგირება არ იყო ინკლუზიური და ხშირად კიდევ უფრო აძლიერებდა შშმ პირების ისედაც მრავალმხრივ მარგინალიზებული ჯგუფების იზოლაციას.  

მეექვსე ნაწილში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. მრავალი პასუხი მიუთითებდა, რომ სახელმწიფოებმა გამოიყენეს ტრიაჟთან დაკავშირებული პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უარს ამბობდა მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოები იძულებულები იყვნენ საგანგებო ზომები მიეღოთ, რათა პრიორიტეტები განესაზღვრათ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის და მრავალი სახელმწიფო უპრეცედენტო სირთულეებს განიცდიდა პანდემიის პირობებში მასშტაბურ საჭიროებებზე რეაგირების თვალსაზრისით, შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული ცნებები იწვევდა სიცოცხლისთვის სახიფათო გადაწყვეტილებების მიღებას საბაზისო ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების შეზღუდვის, ან მასზე უარის თქმის სახით, მათ შორის კოვიდ-19-ით ინფიცირებულთათვის. მიღებული ინფორმაციით, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმე იყო ქვეყნებში გარანტირებული საყოველთაო ჯანდაცვის გარეშე, სადაც მრავალი რესპონდენტი საუბრობდა, რომ მედიკამენტებისა და სხვა სახის მკურნალობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ქრონიკული და გრძელვადიანი დაავადებების მკურნალობა შეწყდა.

დასკვნები და რეკომენდაციები

განმარტების მიხედვით, პანდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციაა, რომელიც ყველა დონეზე საერთო მოქმედებას და სოლიდარობას საჭიროებს. დღეისათვის კორონავირუსის პანდემიამ კატასტროფული გავლენა მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე. აღდგენის ღონისძიებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ეს ღონისძიებები რეალურად ინკლუზიური და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული იქნება. წინამდებარე კვლევის პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები გვიჩვენებს, თუ რამდენად მძიმეა სიტუაცია და რომ ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა არის საჭირო ამ საგანგებო სიტუაციის არაპროპორციული ზემოქმედების შესამცირებლად, მათ შორის ტრადიციულად მრავლობითი ნიშნით მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ.

„უკეთ აღდგენის“ პრინციპის ირგვლივ საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანებასთან ერთად, "კოვიდ-19-ის დროს შშმ პირთა უფლებების მონიტორის“ საკოორდინაციო ჯგუფი რეაგირების დაგეგმვის ყველა დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შეხედულებები, რომ შშმ პირებს უნდა მოვეპყროთ მხოლოდ როგორც დახმარების მიმღებ პირებს. მდგრადი რეაგირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლიდერების აღიარება და ისინი პრობლემების გადაჭრის პროცესში რეალურ პარტნიორებად იქცევიან. საერთაშორისო საზოგადოების წარმატება ან მარცხი პანდემიის დამარცხების საკითხში საბოლოოდ შეფასდება იმით, თუ რამდენად პროაქტიურად იქნა დაცული ყველაზე მარგინალური ჯგუფის ადამიანის უფლებები და ღირსება და გაწეული ძალისხმევა რამდენად გამოიყენება, რათა მივიღოთ გაკვეთილები უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

სიჩქარეში საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირებისთვის, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესის საჭიროება. მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც პანდემიამდე დიდი ხნით ადრე იქნა მიღებული, უფრო რელევანტურია, ვიდრე ოდესმე და მათი დახმარებით უნდა მოხდეს სახელმწიფო ორგანოების, სახელმწიფოები, საჯარო და კერძო დონორების, ასევე რეგიონული და საერთაშორისო ორგანოების, მათ შორის გაეროს ერთობლივი ღონისძიებების წარმართვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მათზე, ვინც ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგას, რომ არ იქნება გათვალისწინებული, მათ შორის შშმ ქალებსა და გოგონებზე, უსახლკაროებზე, ბავშვებზე, ხანდაზმულებზე, სოფლად და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ პირებზე, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებზე, ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ფსიქოსოციალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ყრუ უსინათლო პირებზე და აუტიზმის მქონე პირებზე. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აღდგენის ღონისძიებებმა სამუდამოდ არ შეინარჩუნოს მანამდე არსებული დისკრიმინაციისა და სერვისების სეგრეგირებული სტრუქტურების პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, დაწესებულებები და სათემო მზრუნველობა ბავშვებისა და ზრდასრული ადამიანებისთვის. ამის ნაცვლად, აღდგენის ღონისძიებები წინ უნდა სწევდეს სრული უფლებებისა დაცვისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მიზნებს ყველა ადამიანისთვის.

მართალია არსებობს მრავალი პრობლემა, მაგრამ წინამდებარე ანგარიში ასევე ასახავს ზოგიერთ იმედისმომცემ პრაქტიკას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ან/და შესაბამის ორგანიზაციებთან მიმართებით, რომელთა კოვიდ-19-ზე რეაგირება ინკლუზიური იყო. ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული ძალისხმევა ორგანიზებული იყო და მას სათავეში ედგნენ შშმ პირთა ორგანიზაციები, რომლებიც რეაგირებას ახდენდნენ სახელმწიფო რეაგირების მკაფიო ხარვეზებზე. ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობით შესაძლებელია პანდემიის ზოგიერთი ყველაზე სერიოზული ზემოქმედების შემცირება. ვთხოვთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მხარი დაუჭირონ ასეთ მნიშვნელოვან სათემო ინიციატივებს.

 

 

 

გადაუდებელი ზომები უნდა ეყრდნობოდეს ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს:

 

1.         აღდგენის ყველა სამუშაო უნდა იცავდეს სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და თავისუფლების უფლებას, წამების, არასათანადო მოპყრობის, ექსპლუატაციისა და ძალადობისგან თავისუფლების უფლებას, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ინკლუზიური განათლების უფლებას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე შშმ პირებთან მიმართებით.

2.         შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკვები, მედიკამენტები და სხვა პირველადი მოთხოვნილების საგნები.

3.         შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი, ზოგადი, სპეციალიზებული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ტრიაჟის წესები არასოდეს არ უნდა ახდენდეს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას.

4.         განხორციელდეს სასწრაფო დეინსტიტუციონალიზაციის გეგმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მათ შორის დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს დაწესებულებაში მიღება პანდემიის დროს და სხვა დროს და დაფინანსება გადატანილი უნდა იქნას დაწესებულებებიდან სათემო მხარდაჭერასა და სერვისებზე.

5.         გამოიყოს ადეკვატური ფინანსური და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოფილი იქნას, რომ არ მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყურადღების მიღმა დარჩენა კოვიდ-19-ზე რეაგირებისა და აღდგენის პროცესში.

6.         მიეწოდოს ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური დახმარება, რათა უზრუნველყოფილი იქნას შშმ პირთა მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობა და სრულფასოვანი, თანასწორი მონაწილეობა საზოგადოებაში, მათ შორის ინდივიდუალური დახმარების ხელმისაწვდომობით ნებისმიერ დროს.

7.         გარანტირებულ იქნას  შშმ პირთა და მათ წარმომადგენელთა სრულფასოვანი მონაწილეობა, შინაარსიანი ჩართულობა და ლიდერობა კოვიდ-19-ზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. გადაიდგას ნაბიჯები, რათა მოხდეს შშმ ბავშვების, ახალგაზრდების, მათი ოჯახებისა და მათზე მზრუნველების შინაარსიანი ჩართულობა პანდემიაზე რეაგირების ყველა პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში.

8.         უზრუნველყოფილი იქნას გადაუდებელ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა და შშმ პირთა განსხვავებული და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, განსაკუთრებით იმ ჯგუფებისა, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციის ინტერსექციურ ფორმებს და მარგინალიზაციას, მათ შორის შშმ ქალებისა და გოგონების, სოფლად ან მიუვალ ადგილებში მცხოვრები პირების, ყრუ და სმენადაქვეითებული პირების, ყრუ უსინათლო პირების, ინტელექტუალური ან ფსიქოსოციალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და აუტიზმის მქონე პირების გათვალისწინება.

9.         პრიორიტეტულად განისაზღვროს ინკლუზიური განათლება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ერთობლივი მზრუნველობის დაწესებულებებში. უზრუნველყოფილი იქნას ალტერნატიული განათლებისა და ადეკვატური საცხოვრებლის  ხელმისაწვდომობა შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, რათა გარანტირებული იქნას მათი განათლების უფლება.

10.       პრიორიტეტულად განისაზღვროს პანდემიასთან, რეაგირების ზომებთან დაკავშირებით, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინფორმაციისა და რეკომენდაციების შესახებ სრულყოფილი და ხელმისაწვდომი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ფორმატში შშმ პირებისთვის.

11.       ჩატარდეს შშმ პირთა მიმართ ცნობიერების ამაღლების სწავლება პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის და უზრუნველყოფილი იქნას ანგარიშვალდებულება საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვების არაპროპორციული აღსრულებისთვის. უზრუნველყოფილი იქნას სასამართლოს ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის, რომელთაც განიცადეს ან შეიძლება განიცადონ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა ან ექსპლუატაცია საგანგებო ზომების გამო.

„კოვიდ-19-ის დროს შშმ პირთა უფლებების მონიტორის“ მუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ www.covid-drm.org

ვრცელი ანგარიში ქართულ ენაზე ჩამოტვირთეთ ვებგვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული ვორდის ფაილიდან.