შშმ პირთა შესახებ მონაცემთა შეგროვების ადვოკატირების გზამკვლევი



შშმ პირთა შესახებ მონაცემთა შეგროვების ადვოკატირების გზამკვლევი

წინამდებარე გზამკვლევი მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს გლობალურ დიალოგში შშმ პირთა შესახებ მონაცემების მნიშვნელობაზე, კერძოდ, გასცეს საბაზისო ინფორმაცია ფაქტებზე დაფუძნებული ადვოკატირებისათვის მონაცემთა შეგროვებაზე, ანალიზსა და გამოყენებაზე.

სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შეასრულონ გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის (UNCRPD) მე-4 და 31-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - შეაგროვონ და ჩაშალონ მონაცემები. ამასთანავე, 193 ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგზე და დაამტკიცა გლობალური ინდიკატორების ჩარჩო, რომელიც წარმოადგენს გზამკვლევს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) იმპლემენტაციის გასაზომად საჭირო მონაცემების შეგროვებისათვის. ამგვარად, მათ აიღეს შშმ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვების და მათი შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით ჩაშლის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუმცა დღესდღეობით არსებული ოფიციალური მონაცემები შშმ პირთა შესახებ არაა საკმარისი მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციაში მიღწეული პროგრესის გასაზომად და საჭიროა ამ საკითხის მოგვარება.

მონაცემები აუცილებელია UNCRPD-ის იმპლემენტაციისათვის ქვეყნის დონეებზე, ვინაიდან შშმ პირთა შესახებ ინფორმაციის სიმცირე ზრდის მათი გარიყულობის დონეს და ვერ აგვარებს შშმ პირებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის პრობლემას. შედეგად, გონივრული მისადაგებისთვის საჭირო დაგეგმვის, ბიუჯეტირების და შესაბამისი ეფექტური პოლიტიკის გატარების პროცესები მოიკოჭლებს და არ არსებობს საკმარისი სტატისტიკური მონაცემები შშმ თემის შესახებ.

შშმ პირების შესახებ ფაქტებზე დაფუძნებული მონაცემები ეროვნულ და გლობალურ დონეებზე საჭიროა იმისათვის, რომ მოვახდინოთ გამოწვევებისა და ნაპრალების იდენტიფიცირება, რის შემდეგაც პოლიტიკის შემმუშავებელი პირები შეძლებენ მათ აღმოფხვრას და არსებულ პოლიტიკასა და რეგულაციებში სათანადო შესწორებების შეტანას.

გასულ წლებში შშმ პირების შესახებ მონაცემების შეგროვებისთვის ადვოკატირებაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო.  შედეგად მიღწეულ იქნა შემდეგი მიზნები:

  • 2017 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო ალიანსმა, შეზღუდული შესაძლებლობისა და განვითარების საერთაშორისო კონსორციუმმა და შშმ პირთა საკითხებით დაინტერესებულ მხარეთა ქსელმა გაეროს ორგანოებთან კონსულტაციებით განსაზღვრეს 32 კრიტიკული მნიშვნელობის ინდიკატორი, რომელთა ჩაშლაც უნდა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის ტიპის მიხედვით, რათა შეგროვდეს მონაცემები შშმ პირების მდგომარეობის შესახებ მსოფლიოში.
  • 2018 წელს, გაეროს სტატისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის პასუხად, შშმ პირთა საკითხებით დაინტერესებულ მხარეთა ქსელმა განსაზღვრა ძირითადი პოლიტიკის პრიორიტეტული სფეროები შშმ თემისათვის: სიღარიბის აღმოფხვრა, განათლება, დასაქმება, ჯანდაცვა და მისაწვდომობა.  

აუცილებელია გავაგრძელოთ მოქმედება ამ მიმართულებით, რათა ამოვავსოთ და აღმოვფხვრათ პოლიტიკის ის ნაპრალები და ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის შშმ პირთა სრულ ინკლუზიას საზოგადოებაში. ვიმედოვნებ, რომ წინამდებარე გზამკვლევი ერთ-ერთი საშუალება იქნება ამისათვის იქიდან გამომდინარე, რომ მასში განხილულია შშმ პირთა და მათ წარმომადგენელთა შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ცოდნის გამყარების გზები, რაც საწინდარია შშმ პირების, განსაკუთრებით, არასაკმარისად წარმოდგენილი და მსოფლიოს ღარიბ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების, მდგომარეობის გაუმჯობესებისა. 

 

შესავალი

წინამდებარე გზამკვლევი შედგენილია იმისათვის, რომ ყურადღება გაამახვილოს შშმ პირთა შესახებ მონაცემებზე და მიაწოდოს შშმ თემს და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებს საბაზისო ცოდნა მონაცემთა შეგროვებაზე, ანალიზსა და მათ გამოყენებაზე ფაქტებზე დაფუძნებულ ადვოკატირებაში. შშმ პირთა ორგანიზაციებს აკისრიათ მრავალი როლი - მათ უნდა მოახდინონ გავლენა მონაცემთა გენერირებაზე, გამოიყენონ ხელთარსებული მონაცემები და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას.

ყველაფერი იწყება მონაცემთა საჭიროებით - მონაცემები აუცილებელია ფაქტებზე დაფუძნებული ადვოკატირებისათვის, ხოლო მონაცემების მოსაგროვებლად საჭიროა ადვოკატირება, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ შესაბამისი პირები მოიპოვებენ და შეაგროვებენ მათ. სწორედ აქ უნდა დაიწყოს ადვოკატირებაზე მუშაობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, რათა პირებმა, რომლებსაც ევალებათ მონაცემთა გენერირება, შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა. ზუსტად ესაა ყველა სხვა ძალისხმევის საწინდარი და საფუძველი.

მეორე ასპექტი შემდეგში მდგომარეობს - როცა გვაქვს მონაცემები, აუცილებელია გვესმოდეს, თუ როგორ გავაანალიზოთ, გამოვიყენოთ და ვანდოთ ისინი ადვოკატირებაზე მომუშავე პირებს. ეს საჭიროა, რათა დაცული იყოს ამ პროცესის მთლიანობა და გარანტირებული იყოს, რომ ცვლილებების საჭიროება გამომდინარეობს არსებული რეალობიდან.

წინამდებარე გზამკვლევი განიხილავს ამ ასპექტებს და მიზნად ისახავს, დაეხმაროს დამცველებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ნულიდან იწყებენ მუშაობას, უკეთ გაიაზრონ მონაცემთა გამოყენების როლი ადვოკატირებაში. მასში მოცემულია სტატისტიკური წიგნიერების საბაზისო ცნებები და რჩევები იმაზე, თუ როგორ გარდავქმნათ მონაცემები საინტერესო მესიჯებად; ასევე განხილულია რამდენიმე შემთხვევის ანალიზი, სადაც მონაცემთა სხვადასხვა ტიპია გამოყენებული.

გზამკვლევი შედგება სამი ნაწილისგან და შეგიძლიათ თითოეული მათგანი დამოუკიდებლად განიხილოთ. თუმცა გირჩევთ, გაეცნოთ სამივე ნაწილს, რათა გაიგოთ შეზღუდულ შესაძლებლობასთან და მონაცემთა ადვოკატირებასთან დაკავშირებული განსხვავებული ასპექტები.

 

ჩვენ გვჭირდება მონაცემები: ადვოკატირება მონაცემებისათვის. ამ ნაწილში საუბარია იმაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი შშმ პირების შესახებ მონაცემების ადვოკატირება (მონაცემთა გენერირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

 

სად შემიძლია ვნახო ოფიციალური მონაცემები და როგორ შემიძლია შევამოწმო მათი ვალიდურობა? რა უნდა გავითვალისწინო? ამ ნაწილში განხილულია სხვადასხვა დეტალი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ოფიციალური მონაცემების გამოყენებისას.

 

როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც მონაცემები არ არსებობს ან მწირია? ამ ნაწილში ნახავთ იმის მაგალითებს, თუ როგორ გვეხმარება არაოფიციალური ინფორმაცია, თვისობრივი მონაცემები და ამბების თხრობა ინფორმაციული დანაკლისის შესავსებად.

 

რას ვერ ნახავთ გზამკვლევში:

  • გზამკვლევში ვერ ნახავთ მონაცემთა შეგროვებისთვის საჭირო საშუალებების სიღრმისეულ ანალიზს.
  • გზამკვლევი ვერ ნახავთ დეტალურ ინფორმაციას, მაგალითად, ვაშინგტონის ჯგუფის კითხვარებზე. თუ კონკრეტულ ინფორმაციას ეძებთ ვაშინგტონის ჯგუფის კითხცვარებზე, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www/washingtongroup-disability.com

მონაცემთა სიმწირე დიდ დაბრკოლებას ქმნის პოლიტიკისა და პროგრამების შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებისას. ასევე ზრდის გარიყულობის დონეს და ვერ აღმოფხვრის იმ სირთულეებსა და დისკრიმინაციას, რომლის წინაშეც შშმ თემი დგას. მონაცემების გარეშე ჩვენ ვერ გავიგებთ, თუ რა პოზიცია აქვს ქვეყანას შშმ პირთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით, ვერ შევძლებთ დავინახოთ, მიღწეულ იქნა თუ არა პროგრესი და ვერ დავაფიქსირებთ ხარვეზების არსებობას. მონაცემების გარეშე ვერ შევადარებთ სხვადასხვა ქვეყანასა თუ რაიონს იმის გასარკვევად, თუ რა პროგრესს მიაღწიეს შშმ პირთა უფლებების რეალიზებაში. თუ არ დავითვლით შშმ პირთა რიცხვს, ვერც მათ მხედველობაში მიღებას შევძლებთ. შედეგად, პოლიტიკა არ იქნება ეფექტიანი და შშმ პირები ვერ აღმოჩნდებიან „სტატისტიკურ რუკაზე“. შშმ პირების შესახებ ფაქტებზე დაფუძნებული მონაცემები ეროვნულ და გლობალურ დონეებზე იმისთვისაა საჭირო, რომ მოვახდინოთ სირთულეებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება, რის შემდეგაც პოლიტიკის შემმუშავებელი პირები შეძლებენ მათ აღმოფხვრას და არსებულ პოლიტიკასა და რეგულაციებში სათანადო შესწორებების შეტანას.

 

ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შშმ პირთა შესახებ უტყუარი და რელევანტური მონაცემების შეგროვება:

  • გვეხმარება, დავაფიქსიროთ არსებული ხარვეზები და ვეცადოთ მათ გამოსწორებას, ვიპოვოთ გამოსავალი და შევძლოთ ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და განვითარების პროგრამების შემუშავება;

 

  • გვეხმარება გონივრული მისადაგებისა და ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში, რის შედეგადაც შშმ პირებს შეეძლებათ სხვათა თანაბრად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციამ და 2030 წლის დღის წესრიგმა უბიძგა ქვეყნებს შშმ პირთა შესახებ უკეთესი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისაკენ.

 

რა წერია გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციაში შშმ პირების შესახებ მონაცემებზე?

გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის (UNCRPD) რატიფიცირების შემდეგ, წევრი სახელმწიფო ვალდებულია, შეაგროვოს მონაცემები შშმ პირებზე. კონვენციის 31-ე მუხლი აწესებს მონაცემთა მოგროვების შემდეგ ვალდებულებებს:

  • საჭიროა ყველა ტიპის, იქნება ეს ოფიციალური თუ კვლევის მონაცემები, შეგროვება. ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მონაცემების საშუალებით უნდა მოხდეს პოლიტიკის შემმუშავებელი პირების ინფორმირება კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობისათვის. 31-ე მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოებს, გამოიყენონ ეროვნულ დონეზე არსებული მონაცემები იმის უკეთ გამოსაკვლევად, თუ რომელ ასპექტში სჭირდება ქვეყანას პოლიტიკის გაძლიერება CRPD-ის განსახორციელებლად. კითხვა, რაზეც უნდა დაფიქრდეთ, შემდეგი სახისაა: ხდება ეს თქვენს ქვეყანაში?
  • 31-ე მუხლში განხილულია მონაცემთა შეგროვების პრინციპები. აღწერილია დაცვის ის მექანიზმები, რომლებიც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ მონაცემთა შესაგროვებლად და სტატისტიკისათვის. დაკონკრეტებულია მონაცემთა დაცვის, კონფიდენციალურობისა და შშმ პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ კანონის არსებობის ვალდებულებაც. კონვენცია ასევე ითხოვს ეთიკური პრინციპებისა და მიღებული ნორმების დანერგვას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად. ეს განსაკუთრებით შშმ პირებს ეხება, ვინაიდან სწორედ ისინი ხდებიან დისკრიმინაციის, სტიგმის  მსხვერპლნი და პერსონალურ მონაცემთა ბოროტად გამოყენებას საზიანო გავლენა ექნება მათ ცხოვრებაზე.
  • ეს მუხლი ავალდებულებს წევრ ქვეყნებს მონაცემთა საშუალებით მოახდინონ იდენტიფიცირება იმ ბარიერებისა, რომლებსაც შშმ პირები აწყდებიან და რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს მათ სხვათა თანასწორად ჩართულობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ანუ კონვენცია სთხოვს ქვეყნებს, რაოდენობრივად შეადარონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ადამიანთა მდგომარეობა და იმოქმედონ არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. შემდეგი შეკითხვა თქვენთვის: გაწვდით თუ არა თქვენი მთავრობა შედარებით სტატისტიკას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე პირების შესახებ?
  • ეს მუხლი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ შშმ თემის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობა შშმ პირებისა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციებისათვის. ე.ი. თუ თქვენმა ქვეყანას რატიფიცირებული აქვს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენცია, თქვენ, როგორც შშმ პირს ან როგორც შშმ პირთა ორგანიზაციის წარმომადგენელს შეგიძლიათ მოიითხოვოთ თქვენს ქვეყანაში შშმ თემის მდგომარეობის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები და სტატისტიკის ეროვნული ბიურო ვალდებულია, მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია.

გახსოვდეთ, რომ ყველა ქვეყანას არ აქვს სტატისტიკის ეროვნული ბიურო. იმის გასაგებად, არსებობს თუ არა ეს უკანასკნელი თქვენს ქვეყანაში, გაერომ შექმნა ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების რეპოზიტორი (არქივი). აქ შესულია ქვეყნის სტატისტიკის სისტემის, სამართლებრივი ბაზის, სტატისტიკის პროგრამებისა და სხვა ფაქტების შესახებ ინფორმაცია. მონაცემთა ბაზაში ყველა იმ ქვეყნის სანახავად, რომელსაც აქვს სტატისტიკის ბიურო, დააჭირეთ აქ:

 

როგორ გავიგო, რას აკეთებს ჩემი მთავრობა UNCRPD-ით დაკისრებული მონაცემთა შეგროვების ვალდებულების შესასრულებლად?

  • დაეკონტაქტეთ სტატისტიკის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვეთ ინფორმაცია შშმ პირთა მდგომარეობის შესახებ, გამოიკითხეთ, რა სახის მონაცემები გროვდება ან ხდება თუ არა მათი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაშლა კონვენციის და მდგრადი განვითარების მიზნების გლობალურ ინდიკატორთა ჩარჩოს შესაბამისად.  
  • გადაამოწმეთ მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევის ინსტიტუტები, რათა გაიგოთ, მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში შესულია თუ არა შშმ პირთა შესახებ მონაცემები.
  • შეამოწმეთ, შეიცავს თუ არა შშმ პირთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს თქვენი მთავრობის მიერ კონვენციის კომიტეტისთვის წარდგენილი ანგარიში.
  • თვალი ადევნეთ კონვენციის კომიტეტის დისკუსიებს თქვენი ქვეყნის ანგარიშების შესახებ და ნახეთ, გაცემულია თუ არა შშმ პირთა შესახებ უკეთესი სტატისტიკური მონაცემების შეგროვების რეკომენდაციები.
  • კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნახვა შეგიძლიათ აქ. გამოიყენეთ რეკომენდაციები, რათა უკეთ ჩამოაყალიბოთ თქვენი მესიჯი მონაცემთა შეგროვების ადვოკატირებისათვის.

როგორ შეიძლება ჩაითვალოს UNCRPD-ის კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები უკეთესი მონაცემებისთვის ადვოკატირებად?

 

UNCRPD-ის რამდენიმე რეკომენდაციის მაგალითი მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისათვის:

ავსტრალია: „სისხლის სამართლის წარმოების სისტემის ყველა ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების, მათ შორის ციხეებსა და სხვა დაწესებულებებში მოთავსებული პირების რაოდენობის შესახებ მონაცემების არარსებობის საპასუხოდ.“

UNCRPD-ის კომიტეტის რეკომენდაცია: მოაგროვეთ შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, გენდერის, გეოგრაფიული მდებარეობისა და ეროვნების მიხედვით ჩაშლილი მონაცემები სისხლის სამართლის წარმოების სისტემის ყველა დონეზე, მათ შორის ციხეებსა და სხვა დაწესებულებებში მოთავსებული პირების რაოდენობის შესახებ.  

ადვოკატირების მესიჯი: შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, გენდერის, გეოგრაფიული მდებარეობისა და ეროვნების მიხედვით ჩაშლილი მონაცემები მნიშვნელოვანია პატიმრობაში მყოფი შშმ პირების რაოდენობისა და მდგომარეობის გასაგებად.

 

კენია: „კომიტეტი შეწუხებულია შშმ ქალებისადმი მრავალმხრივი დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევების გამო და იმით, რომ არაფერი კეთდება დისკრიმინაციის პრევენციისათვის და მის წინააღმდეგ საბრძოლველად. მას ასევე აღელვებს გენდერული თანასწორობის, მათ შორის შშმ ქალებისა და გოგონების უფლებების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკასა და პროგრამებზე ინფორმაციის ნაკლებობა.“

UNCRPD-ის კომიტეტის რეკომენდაცია: სისტემატურად შეაგროვეთ მონაცემები და სტატისტიკა შშმ ქალებისა და გოგონების მდგომარეობის შესახებ ქალაქებსა და სოფლებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და მწყემსების მომთაბარე თემების წარმომადგენლებზე.

ადვოკატირების მესიჯი:  ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს შშმ ქალების შესახებ მონაცემების შეგროვება, რათა შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება უკეთესი პროგრამების შესამუშავებლად.

 

ესპანეთი: ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლება (მუხლი 16)

კომიტეტი შეწუხებულია: „საავადმყოფოებში, კერძოდ, ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში და დაკავების იზოლატორებში არსებული ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევების შესახებ სქესისა და ასაკის მიხედვით ჩაშლილი კონკრეტული მონაცემების არარსებობის გამო; ასევე შემაშფოთებელია ოფიციალური ჩანაწერებისა და მონაცემების არარსებობა შშმ პირების, კერძოდ, შშმ ქალების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის შესახებ საჯარო და კერძო დაწესებულებებში, მათ შორის სამუშაო ადგილებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალიზირებულ დაწესებულებებში.

UNCRPD-ის კომიტეტის რეკომენდაცია: შეაგროვეთ მონაცემები და დააკვირდით შშმ პირების, კერძოდ, შშმ ქალების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებს საჯარო და კერძო დაწესებულებებში, მათ შორის სამუშაო ადგილებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში.

ადვოკატირების მესიჯი:  მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით ჩაშლილი მონაცემები, რათა შშმ პირები დაცულნი იყვნენ ექსპლუატაციისგან, ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან. ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, უზრუნველყოს შშმ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და მონიტორინგი, რათა მოხდეს შშმ პირების, განსაკუთრებით შშმ ქალების მხედველობაში მიღება.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მონაცემები და 2030 წლის დღის წესრიგი

2015 წელს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის მიღება და მასში  და მდგრადი განვითარების მიზნებში შშმ თემის გათვალისწინება იყო შეზღუდული შესაძლებლობის გლობალური მოძრაობისა და მისი მომხრეების წარმატებული ადვოკატირების კამპანიის შედეგი. 2030 წლის დღის წესრიგის შემდეგ შშმ პირთა ორგანიზაციებმა და მოკავშირეებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს იმაში, რომ შშმ პირები გათვალისწინებულნი ყოფილიყვნენ გლობალური ინდიკატორების ჩარჩოში. დანართი №1 გვაძლევს გლობალური ინდიკატორების ჩარჩოსთვის ადვოკატირების დეტალურ ქრონოლოგიურ სურათს და ხაზს უსვამს შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების გაუმჯობესებაში მიღწეულ პროგრესს.

 

რა არის გლობალური ინდიკატორების ჩარჩო?

გლობალური ინდიკატორების ჩარჩო შემუშავებულ იქნა იმისათვის, რომ მოხდეს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მონიტორინგი. მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორებზე მომუშავე ექსპერტთა უწყებათაშორისი ჯგუფი (IAEG-SDGs) შეიქმნა გლობალური ინდიკატორების ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად. IAEG-SDGs მოუწოდებს მთავრობებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ხელმისაწვდომი გახადონ სეგრეგირებული მონაცემები და ინფორმაცია ფაქტებზე დაფუძნებული დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებას.

გლობალური ინდიკატორების ჩამოყალიბებაზე მუშაობდნენ წევრი სახელმწიფოები და სტატისტიკოსები ეროვნულ დონეზე. ეს 231 ინდიკატორი შექმნილია იმისთვის, რომ მოხდეს თითოეული სამიზნის გაზომვა. ზოგიერთ სამიზნეს რამდენიმე ინდიკატორი აქვს. გლობალური ინდიკატორების ჩარჩოს მიღებით წევრი ქვეყნები დათანხმდნენ, რომ მოეხდინათ მისი ინტეგრირება სტატისტიკის ეროვნულ ჩარჩოებში, შეეგროვებინათ მონაცემები და წარედგინათ ანგარიშები მათ შესახებ გლობალური ორგანიზაციებისთვის. გლობალური ინდიკატორების შედეგად, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ისეთი მონაცემები, რომელთა შედარებასაც შევძლებთ საერთაშორისო დონეზე სხვა წევრ სახელმწიფოებთან.  ასე რომ, შესაძლებელია პროგრესის გაზომვა და იმის უზრუნველყოფა, რომ „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ გლობალურ დონეზე. IAEG-SDGs პასუხისმგებელია გლობალური ინდიკატორების მონიტორინგსა და მონაცემთა სეგრეგირებაზე.

 

რას ნიშნავს გლობალური ინდიკატორების ჩარჩო შშმ პირთა ორგანიზაციების მიერ ადვოკატირებისათვის?

გლობალური ინდიკატორების ჩარჩოს აქვს ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომლებიც დაეხმარება შშმ პირთა ორგანიზაციებს ადვოკატირებისთვის საჭირო მესიჯის ფორმულირებაში:

  • ჩარჩო ავალდებულებს მთავრობებს, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაშალონ გაეროს განვითარების მიზნებთან დაკავშირებული მონაცემები;
  • ჩარჩო გამოყოფს SDGs-ის 11 ინდიკატორს, რომლებშიც გათვალისწინებულნი არიან შშმ პირები.

გლობალური ინდიკატორების ჩარჩოს მიხედვით, SDGs-ის ინდიკატორები საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას სეგრეგირებული შემოსავლის, სქესის, ასაკის, რასის, ეროვნების, ემიგრაციის სტატუსის, შეზღუდული შესაძლებლობისა და გეოგრაფიული მდებარეობის ან სხვა მახასიათებლების მიხედვით ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად.

 

11 ინკლუზიური ინდიკატორით ხდება მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებში მიღწეულ პროგრესზე თვალის დევნება:

 

მიზანი 1- სიღარიბის აღმოფხვრა:

1.3.1 ინდიკატორი - სოციალური დაცვის სისტემით მოსარგებლე მოსახლეობის წილი სქესის მიხედვით - ბავშვები, უმუშევრები, ხანდაზმულები, შშმ პირები, ორსულები, ახალშობილნი, სამუშაო პროცესში ტრავმირებულნი და ღარიბი და მოწყვლადი პირები.

 

მიზანი 4: ხარისხიანი განათლება:

ინდიკატორი 4.5.1 - თანაბარი წვდომა განათლების ყველა დონესა და პროფესიულ ტრენინგებზე, მათ შორის შშმ პირებისთვისაც.

ინდიკატორი 4.ა.1 - იმ სკოლების წილი, რომლებშიც შშმ მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია ადაპტირებული ინფრასტრუქტურა და მასალები.

 

მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

ინდიკატორი 8.5.1 - დასაქმებულთა საშუალო საათობრივი ანაზღაურება, სქესის, ასაკის, საქმიანობის და შშმ სტატუსის ნიშნით ჩაშლილი მონაცემები.

ინდიკატორი 8.5.2 - უმუშევრობის დონე, სქესის, ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაშლილი მონაცემები.

 

მიზანი 10: შემცირებული უთანასწორობა

ინდიკატორი 10.2.1 იმ მოსახლეობის წილი, რომელიც საშუალო შემოსავლის 50%-ზე ნაკლები თანხით ცხოვრობს. სქესის, ასაკის და შშმ პირის სტატუსით ჩაშლილი მონაცემები.

 

მიზანი 11: მდგრადი ქალაქები და დასახლებები

ინდიკატორი 11.2.1 - საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომის მქონე მოსახლეობის წილი, სქესის, ასაკის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემები.

ინდიკატორი 11.7.1 - ქალაქის გაშენებული, მოწყობილი, საზოგადოებრივი გამოყენების ტერიტორიების საშუალო წილი, სქესის, ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით ჩაშლილი მონაცემები.

ინდიკატორი 11.7.2 - ფიზიკური ან სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა წილი, სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის და შემთხვევის ადგილის მიხედვით ჩაშლილი მონაცემები ბოლო 12 თვისთვის.

მიზანი 16: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები

ინდიკატორი 16.7.1 - ეროვნულ და ადგილობრივ დაწესებულებებში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში, საჯარო სამსახურსა და სასამართლო სისტემაში არსებული პოზიციების წილი, შედარებული ეროვნულ განაწილებასთან. სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის და მოსახლეობის ჯგუფების ნიშნით სეგრეგირებული მონაცემები.

ინდიკატორი 16.7.2 - მოსახლეობის წილი, რომელსაც სჯერა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ინკლუზიური და გულისხმიერია; სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის და მოსახლეობის ჯგუფების ნიშნით სეგრეგირებული მონაცემები.

 

შშმ პირთა ორგანიზაციების მიერ ადვოკატირების მაგალითები

შშმ პირთა ორგანიზაციებს (OPD) მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე შშმ პირთა მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გენერირებისთვის ადვოკატირებაში, იქნება ეს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციაში მიღწეული პროგრესის შეფასება თუ მდგრადი განვითარების მიზნებში შშმ პირთა გათვალისწინება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი ეროვნულ და გლობალურ დონეებზე.

 

გლობალურ დონეზე - დიალოგის წახალისება უკეთესი მონაცემებისთვის

შშმ პირთა შესახებ მონაცემების ადვოკატირების სამუშაო ჯგუფი: 2019 წელს შშმ პირთა საკითხებით დაინტერესებულ მხარეთა ქსელმა (SGPwD) დააფუძნა შშმ პირთა შესახებ მონაცემების ადვოკატირების სამუშაო ჯგუფი იმისათვის, რომ შექმნილიყო გლობალური პლატფორმა ინფორმაციის გასაცვლელად, სწავლისა და დიალოგისათვის, კარგი პრაქტიკის გაზიარებისთვის და კოლაბორაციისთვის შშმ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვებისას, ჩაშლისა და ანალიზისას. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 2018 წელს ეროვნულ დონეზე შშმ პირთა შესახებ მონაცემების შეფასების შემდეგ. კვლევებმა აჩვენა, რომ საჭირო იყო შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობა მონაცემთა შეგროვებასა და სეგრეგირებაში. ამისათვის კი OPD-ებს დასჭირდათ ტექნიკური დახმარება, ადვოკატირების გზამკვლევი, პერიოდულად ინფორმაციის გაცვლა და სწავლა; ამის შედეგად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

 

მოქმედება: გახდით შშმ პირთა შესახებ მონაცემთა შეგროვების ადვოკატირების სამუშაო ჯგუფის წევრი, მოიძიეთ ინფორმაცია ტექნიკური ექსპერტებიდან და ისწავლეთ თანატოლებისგან.

შშმ პირთა შესახებ მონაცემთა შეგროვების ადვოკატირების სამუშაო ჯგუფზე მეტი ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ. ელექტრონული წერილების მიმღებთა სიაში გასაწევრიანებლად, დააჭირეთ აქ.  

 

 

 

ეროვნულ დონეზე

შემთხვევის შესწავლა №1: ადვოკატირება წყნარი ოკეანეთის რეგიონში უკეთესი მონაცემებისთვის

წყნარი ოკეანეთის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობების ფორუმი (PDF)  არის წყნარი ოკეანეთის რეგიონში შშმ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო ორგანო, რომელიც მხარს უჭერს შშმ პირთა ეროვნულ ორგანიზაციებს, დონორებსა და განვითარების პარტნიორებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შშმ პირებმა შეძლონ საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობა წყნარი ოკეანეთის ქვეყნებსა და ტერიტორიებზე. ორგანიზაცია აღიარებს მონაცემებისა და ფაქტების მნიშვნელობას რეგიონის პოლიტიკასა და პროგრამებში2  და მისი მუშაობის პრიორიტეტული სფეროც სწორედ ესაა.

შშმ პირთა შესახებ მონაცემებისა და ფაქტების შეგროვების პირობას ადასტურებს მიმდინარე პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ მონაცემთა შეგროვებას წყნარი ოკეანეთის ქვეყნებში. PDF 2015 წლიდან მუშაობს შშმ პირთა ეროვნულ ორგანიზაციებთან სხვადასხვა ქვეყანაში, რათა ადვოკატირება გაუწიოს ვაშინგტონის ჯგუფის მოკლე კითხვარის გამოყენებას მოსახლეობის აღწერასა და გამოკითხვებში. იმ პერიოდში კითხვარები ახალი იყო და ფართოდ არ გამოიყენებოდა რეგიონში.

პირველი წარმატება მიღწეულ იქნა 2015 წელს, როდესაც PDF-მ მჭიდროდ ითანამშრომლა კირიბატის შშმ პირთა ორგანიზაციებთან და ადვოკატირება გაუწია ვაშინგტონის ჯგუფის კითხვების ჩართვას მოსახლეობის აღწერაში. თუმცა მათ გააანალიზეს, რომ შშმ პირთა შესახებ მონაცემთა შეგროვება არ იყო საკმარისი - საჭირო იყო მათი გაანალიზება და გაზიარება. ამის მოსაგვარებლად, PDF შეხვდა სტატისტიკის ბიუროს კომისარს და ესაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაშლილი მონაცემების ანალიზისა და რეპორტინგის მნიშვნელობაზე სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება და ჰიგიენა. მალევე გამოაშკარავდა, რომ PDF-ს არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ამ ტიპის ანალიზისათვის. გააცნობიერა რა, რომ სტატისტიკის ეროვნულ ბიუროებს და შშმ პირთა ორგანიზაციებს არ ჰქონდათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, PDF დაიწყო თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ ოფისთან, წყნარი ოკეანეთის საზოგადოების სამდივნოს სტატისტიკის დეპარტამენტთან და კირიბატის  სტატისტიკის ეროვნულ ბიუროსთან, რათა გაეანალიზებინა და დაემუშავებინა კირიბატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონოგრაფია (ვრცელი მეცნიერული ანგარიში) ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. კირიბატის მონოგრაფიის შემდეგ ოთხი ქვეყნისთვის (სამოა, პალაუ, ტონგა, ფიჯი და ტუვალუ) მომზადდა დეტალური ანალიზები.

შშმ პირთა შესახებ მონოგრაფიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, დაეხმაროს მთავრობებს, ჩაატარონ ანალიზის ვორქშოფები სტატისტიკის ეროვნულ ბიუროსა და მთავრობის ორგანოებთან ერთად, რათა ერთობლივად მოახდინონ სეგრეგირებული მონაცემების ინტერპრეტაცია და გასცენ რეკომენდაციები. თითოეულმა სამთავრობო ორგანომ აიღო ვალდებულება, მოემზადებინა მისი სამოქმედო სფეროს რელევანტური თავი მონოგრაფიისათვის (მაგალითად, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, ცხოვრების პირობები, ჰიგიენა) სტატისტიკის ეროვნული ბიურის მიერ მიწოდებული ცხრილების გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ როდესაც შშმ პირთა ორგანიზაციები ადვოკატირებას უწევენ ცვლილებების საჭიროებას, ეს გამომდინარეობს თავად მთავრობის რეკომენდაციებიდან და არა რომელიმე გარეშე მხრიდან.

 

 

PDF-ის მიერ მონაცემთა ადვოკატირებაზე მუშაობის კიდევ ერთი ძირითადი კომპონენტი არის შშმ პირთა ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევა ვაშინგტონის ჯგუფის კითხვარების ტექნიკურ ასპექტებში გასათვითცნობიერებლად. ეროვნულ დონეზე ადვოკატირებისა და ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციისათვის, შშმ პირთა ფორუმმა მალევე გაანალიზა, რომ წარმატებული ადვოკატირებისათვის სამთავრობო ორგანოებში თავდაპირველად მათ სჭირდებოდათ ტექნიკური უნარების ათვისება. PDF-მა ვაშინგტონის ჯგუფს სთხოვა ტრენინგების ჩატარება და შემდეგ უკვე თვითონ დაატრეინინგა დაინტერესებული მხარეები ქვეყანაში (შშმ პირთა ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორები, სტატისტიკის ეროვნული ბიურო და მთავრობის წარმომადგენლები) ამ ჯგუფის კითხვარების ტექნიკურ მხარეებზე; მეორე ტრენინგი ჩაუტარდათ შშმ პირთა ორგანიზაციებს, რათა მათ შეძლებოდათ აღწერაში მთვლელებად მუშაობა და ტრენერების მომზადების მიდგომის გამოყენებით, მოხერხდა დანარჩენი მთვლელებისთვის ტრენინგების ჩატარებაც ვაშინგტონის ჯგუფის კითხვარების ადმინისტრირებაში მოსახლეობის აღწერისას.

PDF-მ ბევრი რამ ისწავლა ამ მუშაობიდან:

 

  • CRPD-ის და SDG-ის ჩარჩოების გამოყენება ადვოკატირების მესიჯების, როგორიცაა:  შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების მნიშვნელობა, ჩამოსაყალიბებლად.
  • ერთობლივი ანალიტიკური პროცესების, რომლებიც ამყარებს შშმ პირთა ინკლუზიის ვალდებულებას, მნიშვნელობა. ამ პროცესების შესრულებას სჭირდება დამატებითი რესურსები, მაგრამ, სადაც შესაძლებელია, უნდა მოხდეს მათი დანერგვა;
  • ორგანიზაციებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბების საჭიროება, მათ შორის სამმხრივი შეთანხმებები;
  • გრძელვადიანი მიზნის ქონა - ზოგ შემთხვევაში, გარკვეული მიზნების ადვოკატირებას დასჭირდა ორზე მეტი წელი - მაგალითად, ვაშინგტონის ჯგუფის მოკლე კითხვარის ჩართვას მოსახლეობის აღწერაში;
  • ადვოკატირება მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვებიდან ისეთი ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომლის შესახებაც არ იყო კითხვები ვაშინგტონის ჯგუფის მოკლე კითხვარში, მაგალითად, ჩართულობისა და საჭირო მხარდაჭერის მიღებისას წარმოქმნილი ბარიერები.

 

მონაცემები: სად შემიძლია ვნახო ოფიციალური მონაცემები?

წინამდებარე ნაწილში საუბარია რაოდენობრივ მონაცემებსა და ოფიციალური მონაცემების გამოყენებაზე; ასევე, მონაცემებით სარგებლობისას გასათვალისწინებელ სხვადასხვა დეტალზე.

 

მონაცემთა სახეები

მონაცემები გახლავთ ადამიანის ან საგანთა ჯგუფის წევრების შესახებ ინფორმაცია, რომლის მოგროვება და ანალიზიც გვაძლევს ამ ჯგუფის მახასიათებლების აღწერის საშუალებას.

  • რაოდენობრივი მონაცემები გამოხატავს გარკვეულ რაოდენობას, რიცხვს ან რიცხვების სახით ჩაწერილ დიაპაზონს. ამ ტიპის მონაცემებში ვეხებით გაზომვად ინფორმაციას და სტატისტიკურ გამოთვლებს, რის შედეგადაც ვაჯამებთ მონაცემებს, მაგალითად, შშმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობა სკოლაში.
  • თვისობრივი მონაცემები გამოხატავს თვისებებსა და მახასიათებლებს, ჩვეულებრივ, აღწერილობითი ხასიათის ნარატივის საშუალებით, როგორიცაა შშმ მოსწავლეთა გამოცდილება სკოლაში. ასეთ მონაცემებში არ ვიყენებთ რიცხვებს. მათი შეგროვება ხდება დაკვირვებების, ინტერვიუების, სამიზნე ჯგუფების და სხვა მსგავსი მეთოდების გამოყენებით.

 

არგუმენტის ან მოსაზრების დასასაბუთებელი ფაქტებისათვის საჭიროა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მონაცემები. ხშირად მთლიანი სურათის შესაქმნელად ორივე ტიპის მონაცემთა გამოყენებაა საჭირო. რაოდენობრივი მონაცემები წარმოდგენას გვიქმნის საკითხის მასშტაბსა და მოქმედების სფეროზე, ხოლო თვისობრივი გვთავაზობს ადამიანთა ცხოვრების დეტალებს.

 

 

რაოდენობრივ მონაცემებში ხშირად გამოყენებული ტერმინოლოგია

  • სტატისტიკას ხშირად ვიყენებთ რაოდენობრივი მონაცემების აღსაქმელად და რიცხობრივი მონაცემების ანალიზისა და პრეზენტაციისათვის. ინდივიდუალურია სტატისტიკა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას რაიმეს შესახებ, მაგალითად, შშმ პირთა რიცხვზე ქვეყანაში ან აღწერს ურთიერთკავშირს დაწესებულებებს შორის - მაგალითად, ერთი ჯგუფის წევრებში უფრო დიდია შეზღუდული შესაძლებლობის არსებობა, ვიდრე მეორეში. სტატისტიკას ვიყენებთ კვლევებში, პოლიტიკის შემუშავებისას გადაწყვეტილების მიღებასა და მომავლის შესახებ გათვლებში.
  • ინდიკატორი არის საზომი, რომელიც გვიჩვენებს ან გვთავაზობს რაიმე მდგომარეობის არსებობას. ინდიკატორები ხშირად გამოიყენება სიტუაციის საკონტროლოდ - პოლიტიკის შემუშავებისას მათ ვიყენებთ მიზნების მიღწევაში პროგრესის გასაზომად. მათ ხანდახან სტატისტიკაშიც ვხვდებით - მაგალითად, სოციალური დაცვის შშმ ბენეფიციართა წილი მოსახლეობაში შეიძლება გამოვიყენოთ SDG-ს მიზნის - სიღარიბის აღმოფხვრა - ინდიკატორად. სრული სურათის დასანახად შეგვიძლია ეს ინდიკატორი გამოვიყენოთ სხვა ინდიკატორთან ერთად, როგორიცაა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შშმ მოსახლეობის წილი. კომპლექსური საკითხებისთვის ხშირად საჭიროა ერთზე მეტი ინდიკატორი. დროთა განმავლობაში ინდიკატორების გამოყენებით დგინდება, გაუმჯობესდა თუ არა სიტუაცია და ხდება ადვოკატირებისთვის საჭირო ფაქტების შეგროვება.

დროთა განმავლობაში პროგრესისთვის თვალის სადევნებლად საუკეთესო საშუალებაა დავიწყოთ საბაზისო დონიდან, საწყისი ხაზიდან ან სკალიდან, რომელსაც შევადარებთ სხვა მნიშვნელობებს. საბაზისო დონეები ხშირად გამოიყენება პროგრამების დასაწყისში, რათა დადგინდეს საწყისი (ათვლის) წერტილი, რომლის მიხედვითაც მოხერხდება პროგრამების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის გაზომვა. საბაზისო დონე ასევე შეიძლება ხელოვნურად განისაზღვროს - მაგალითად, გარკვეული თარიღის ან ღონისძიების მიხედვით, როგორიცაა წელი, როდესაც ქვეყანამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. შშმ პირთა ორგანიზაციები აწესებენ ამ საბაზისო დონეებს, რათა შესაძლებელი იყოს მათი საშუალებით კონკრეტულ საკითხში მიღწეული პროგრესის გაზომვა.

 

  • აგრეგირებულია მონაცემები, რომლებიც შეგროვებულია ინტერესის ჯგუფის წევრებისგან და, ჩვეულებრივ, ერთობლივი მონაცემების შეჯამებაა. ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის ის პროცენტული წილი, რომელიც სიღარიბეში ცხოვრეობს, სწორედ აგრეგირებულ მონაცემებზე დაფუძნებული ინდიკატორის მაგალითია, წარმოადგენს რა ქვეყნის მთელ მოსახლეობას.
  • ჩაშლილია (სეგრეგირებულია) მონაცემები, რომლებიც დაყოფილია ქვეკატეგორიებად მთლიანი ჯგუფის მიხედვით. მონაცემთა სეგრეგირება ფართოდ გამოიყენება - ხშირად სტატისტიკაში აისახება კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის ან მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენელთა მონაცემები ცალ-ცალკე. აგრეგირებული მონაცემების ნიმუში იქნება ყველა იმ ბავშვის პროცენტული წილი, რომელმაც დაწყებითი სკოლა დაამთავრა, ხოლო ამ სტატისტიკის ჩაშლა შესაძლებელია სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, როგორებიცაა: გენდერი, შეზღუდული შესაძლებლობა, ეროვნება, სკოლის რაიონი და ა.შ. შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ შედარებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე პირებს შორის, რაც დაგვეხმარება პრობლემის მასშტაბის იდენტიფიცირებასა და უთანასწორობის გამოვლენაში. ქვეკატეგორიებს, რომელთა მიხედვითაც ხდება მონაცემთა ჩაშლა, შესაძლოა ერთზე მეტი მახასიათებელიც ჰქონდეთ. მაგალითად, დაწყებითი სკოლადამთავრებულების პროცენტული რაოდენობა შეიძლება ჩავშალოთ შეზღუდული შესაძლებლობისა და სქესის ნიშნით, რათა ერთმანეთს შევადაროთ: ა.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ბიჭები და ბ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები და ბიჭები შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე გოგოებსა და ბიჭებს.
  • გავრცელებულობა (პრევალენტურობა) და ინციდენტურობა ხშირად გამოიყენება შეზღუდულ შესაძლებლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გავრცელებულობაში იგულისხმება ის, თუ რა დონეზეა რაიმე გავრცელებული გარკვეულ მოსახლეობაში და სტატისტიკაში, ეს გამოხატულია ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობის მქონე მოსახლეობის წილით ან პროცენტით კონკრეტულ დროის პერიოდში. ინციდენტურობაში მოიაზრება რისამე გავრცელების ალბათობა და შესაბამისად, სიხშირე არის დროის გარკვეულ პერიოდში ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუ სიხშირის მაჩვენებელს გავამრავლებთ დაავადების საშუალო ხანგრძლივობაზე, მივიღებთ გავრცელებულობას. მაგალითად, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი/ინციდენტურობა ყოველდღიურად გადმოიცემა, ხოლო გავრცელებულობა არის კონკრეტულ დღემდე ყველა არსებული შემთხვევის მაჩვენებელი. გავრცელებულობა და ინციდენტურობა შეიძლება გადმოიცეს მთელი მოსახლეობისათვის ან კონკრეტული მახასიათებლის მიხედვით ჩაშლილი ფენისთვის.
  • მეტამონაცემები არის მონაცემები სხვა მონაცემების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია იმის თაობაზე, სად და როდის მოხდა მონაცემთა შეგროვება, რომელმა ჯგუფმა შეაგროვა ისინი ან მონაცემების შესახებ დეტალები, როგორიცაა შემოსავლის დონის შესახებ დასმულ კითხვებში გამოყენებული ვალუტა. მეტამონაცემები გვეხმარება, გავაანალიზოთ შეგროვებული მონაცემების ძლიერი და სუსტი მხარეები.

 

მინიშნება: გაიხსენეთ 1-ლი ნაწილი: გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 31-ე მუხლი და მასში გაწერილი ვალდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით მონაცემთა ჩაშლის და გლობალური ინდიკატორების ჩარჩოს მიღებაზე არის მაგალითი იმისა, თუ სად გვხვდება ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინოლოგია.

 

სად მოვძებნო მონაცემების ოფიციალური წყაროები?

არსებობს მონაცემთა მრავალი სხვადასხვა წყარო, როგორებიცაა: მთავრობა, კერძო სექტორი, გაეროს სააგენტოები, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემია, კვლევის ინსტიტუტები და სხვები. მონაცემები შეიძლება იყოს ოფიციალური ან არაოფიციალური. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ზოგი მონაცემი მეტად სარწმუნოა, ზოგი კი ნაკლებად. ადვოკატირებისთვის მონაცემების გამოყენებისას ყოველთვის დაიმოწმეთ წყარო, რათა დაამტკიცოთ მონაცემის უტყუარობა. მეორე დანართში მოცემულია რესურსები და პორტალები, სადაც შეგიძლიათ შეზღუდული შესაძლებობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

მთავრობის (ოფიციალური) მონაცემთა წყაროები

მონაცემთა ოფიციალური წყარო იგივეა, რაც მთავრობის მონაცემთა წყარო. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგი ტიპის მონაცემები:

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა - ჩვეულებრივ, ტარდება 10 წელიწადში ერთხელ მოსახლეობის დასათვლელად და ხშირად შეიცავს ინფორმაციას შემდეგ სფეროებზე: განათლება, საცხოვრებელი, დასაქმება, საქმიანობა, შემოსავალი, გენდერი, ასაკი, ჯანმრთელობა, შეზღუდული შესაძლებლობა, ოჯახური მდგომარეობა, ენა, ოჯახის სტრუქტურა, ემიგრაცია, რასა/ეროვნება, რელიგია და ა.შ. ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და ხშირად არ გროვდება, თუმცა მისი გამოყენება მაინც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღებისას. აღწერის შედეგად შეგროვებული მონაცემების დადებითი მხარე ისაა, რომ მათი გამოყენება შეგვიძლია მოსახლეობის იმ ქვეჯგუფების გასაანალიზებლად, რომლებსაც რამდენიმე მახასიათებელი აქვთ, მაგალითად: სოფლად მცხოვრები 25-44 წლამდე შშმ ქალების დასაქმების შესახებ ინფორმაცია.

გამოკითხვები - გამოკითხვებში იგულისხმება კითხვარები, რომლებშიც გამოყენებულია შერჩევა (კვლევის ჩატარება პოპულაციის გარკვეულ ჯგუფზე), ხშირად შემთხვევითი (ალბათური), პოპულაციის ნაწილის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რასაც შემდეგ განვაზოგადებთ მთლიანი პოპულაციისთვის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითებია სამუშაოს ან შინამეურნეობის შემოსავლის შესახებ გამოკითხვები. გამოკითხვების ჩატარება ხარჯეფექტურია და ხშირად მისი მიზანია კონკრეტული ჯგუფის ან თემის გამოკვლევა. ადამიანთა/საგანთა ჯგუფის შერჩევის ან ამ ჯგუფის მოცულობის განსაზღვრისას შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები, რომლებიც შედეგებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.  (შერჩევაზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ გზამკვლევის ნაწილი შერჩევის შესახებ).

ადმინისტრაციული მონაცემები - შეგროვებულია როგორც სამინისტროებისა ან დეპარტამენტების, ისე ადგილობრივი მთავრობის მიერ ოპერაციული და მარეგულირებელი მიზნებისთვის, მაგალითად: შობადობა, სიკვდილიანობა, ქორწინება, განქორწინება, სოციალური დაცვის რეესტრი, ფინანსური ჩანაწერები და ა.შ. ასეთი მონაცემები მუდმივად გროვდება, ხარჯეფექტურია, რეგულარულად განახლებადი და ადვილად ხელმისაწვდომია, მაგრამ შეიძლება არ იყოს რეპრეზენტაციული, თუ მხოლოდ სერვისით მოსარგებლეებისთვის იქნება განკუთვნილი და ასევე შეიძლება ვერ გამოვიყენოთ შესადარებლად, თუ მაგალითად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა შეგროვების მეთოდია გამოყენებული.

მთავრობის ანგარიშები - მთავრობა შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის კომიტეტს ან მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს წარუდგენს ანგარიშებს, რომლებშიც შესულია მონაცემები (ძირითადად ზემოთხსენებული წყაროებიდან). საუკეთესო ვარიანტია ორიგინალი წყაროების გამოყენება, თუმცა ამ ანგარიშებში შეიძლება შედიოდეს მონაცემთა ორიგინალ წყაროებზე ინფორმაცია.

ღია მონაცემები - ღია მონაცემებში იგულისხმება საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები, რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია ინტერნეტში და არ არსებობს ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა საავტორო უფლებები. ღია მონაცემების მოპოვება შეგვიძლია სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო წყაროებიდან. ამასთანავე, ზოგიერთი ქვეყნის, როგორიცაა: ბრიტანეთი, ბრაზილია და კენია, მთავრობებმა შექმნეს ღია მონაცემთა პორტალები.

 

 

რა ხდება მონაცემთა მოპოვების შემდეგ?

დაფიქრდით მონაცემთა მასშტაბსა და შეზღუდვებზე. მონაცემთა მოპოვების შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის მონაცემთა ხარისხი და მისი რელევანტურობა (ანუ არის თუ არა მიზნის შესატყვისი ტიპის მონაცემი). შემდეგ ნაწილებში განხილული იქნება მონაცემთა მასშტაბისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია. დასაწყისისთვის, დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე:

  • პოპულაციის რომელ ნაწილს ახასიათებს მონაცემები და საინტერესოა თუ არა ჩვენთვის სწორედ ეს ნაწილი.
  • სეგრეგირებულია თუ არა მონაცემები შეზღუდული შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
  • როგორაა განმარტებული შეზღუდული შესაძლებლობა (ან ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი ტერმინი, მაგალითად, უმუშევრობა)?
  • როდის იქნა მოპოვებული მონაცემები?
  • ვინ შეაგროვა მონაცემები და როგორ განმარტა პასუხები?
  • რა ინფორმაცია გვაქვს იმაზე, თუ როგორ შეგროვდა მონაცემები და რა ხარისხისაა ისინი (მათ შორის, გამოპასუხების დონე)
  • რა მოცულობისაა შერჩევა?
  • არსებობს მეტი ინფორმაცია იმავე თემაზე?

თითოეული შეკითხვა განხილული იქნება გზამკვლევში დეტალურად.

 

სრული დოკუმენტი ჩამოტვირთეთ გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ვორდის ფაილიდან.