რა არის მეთვალყურე ანუ



რა არის მეთვალყურე ანუ

რა არის მეთვალყურე ორგანიზაცია?

 

მეთვალყურე არის პირი ან ჯგუფი (ძირითადად არაკომერციული), რომელიც მეთვალყურეობას უწევს გარკვეულ ორგანიზაციას ან თემში არსებული პრობლემის კონკრეტულ ნაწილს და აფრთხილებს თემის წევრებს შესაძლო ან რეალური პრობლემების წარმოშობის შესახებ. მეთვალყურე ორგანიზაციები შეიძლება დაინტერესდნენ ყველაფრით - დაწყებული ცალკეული პირის ქმედებებით, დამთავრებული მთავრობების პოლიტიკით. ისინი აკვირდებიან პრობლემურ საკითხებს, აღელვებთ როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური პრობლემები.

ჩვეულებრივი დარაჯების მსგავსად, მეთვალყურე პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობებიც განსხვავდება: ზოგიერთის მიზანი ხალხის გაფრთხილებაა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; სხვები შეიძლება ეცადონ, გამოიყენონ ინფორმაცია პრობლემების დროებით თავიდან ასაცილებლად; ზოგიც პირდაპირ ეჭიდება გამოწვევას და იწყებს საქმისწარმოებას სასამართლოში ან წინასწარ დაგეგმილ ბრძოლას იმ პირებთან ან დაწესებულებებთან, რომლებსაც საზოგადოებრივი ინტერესისა თუ თემის კეთილდღეობისათვის სახიფათოდ მიიჩნევს.

ზოგი მეთვალყურე ორგანიზაცია ორიენტირებულია ძირითადად მეთვალყურის ფუნქციაზე, ზოგიერთი კი სხვა ფუნქციასაც ითავსებს. მეთვალყურის როლი ემთხვევა ადვოკატის როლს - იმ განსხვავებით, რომ ადვოკატობის არსი მიზნისკენ სწრაფვა ან კონკრეტული მოსახლეობისა თუ გეოგრაფიული არეალის პირობების გაუმჯობესებაა, მეთვალყურეთა გამოხატული მიზანი კი დაცვაა - სწორედ ამიტომ ეძახიან მათ მეთვალყურეებს, მოდარაჯეებს.

მეთვალყურე ორგანიზაციები და პირები გუშაგებს ჰგვანან. ისინი მონიტორინგს უწევენ ძალაუფლების მქონე ორგანოებს - მთავრობებს, კონკრეტულ სამთავრობო დაწესებულებებსა და სააგენტოებს, კორპორაციებს, ორგანიზაციებს, ინსტიტუციებს, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი საქმიანობა არ აზიანებს და არ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს. წინააღმდეგობის აღმოჩენისას, მეთვალყურე ორგანიზაციები ხდებიან განგაშის ამტეხი პირები - სააშკარაოზე გამოაქვთ უკანონო და სხვა უარყოფითი ქმედებები და ელიან, რომ ამას მოჰყვება საყოველთაო პროტესტი და სათანადო ზომები. ალტერნატიულად, ზოგიერთი მეთვალყურე პირი/ორგანიზაცია შესაძლოა ლობირებდეს, უშუალოდ მონაწილეობდეს ან მიმართავდეს სასამართლოს, რათა შეაჩეროს ის ქმედებები და შეცვალოს ის სიტუაცია, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ან სხვაგვარად აზიანებს თემს ან მის წევრებს.

მეთვალყურე შეიძლება იყოს პატარა ქალაქის მაცხოვრებელი, რომელიც ესწრება ქალაქის საბჭოს ყველა კრებას და აკეთებს ჩანაწერებს ან დიდი ქალაქის სასკოლო რეფორმების გამტარებელი ორგანიზაცია, რომელიც ესწრება სკოლის ყველა კომიტეტისა თუ ქვეკომიტეტის კრებებს. ზოგიერთი მეთვალყურე პირი ან ორგანიზაცია შეიძლება ეწეოდეს ცალკეული კორპორაციის მონიტორინგს, რათა დარწმუნდეს, რომ ის არ აბინძურებს გარემოს და არ ექცევა დაქირავებულ პირებს დისკრიმინაციულად. სხვები ყურადღებით აკვირდებიან სახელმწიფო სააგენტოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რათა აღკვეთონ ის გადაწყვეტილებები და პრაქტიკები, რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ სიკეთეს.

ფართო მასშტაბით, ორგანიზაციები, როგორებიცაა: Common Cause, Amnesty International, The Committee to rotect Journalists, Greenpeace, and Corporate Watch  - აკვირდებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ფედერალური მთავრობების, გლობალური კორპორაციების ეთიკურ ნორმებსა და პრაქტიკას, ასევე, გარემოსდაცვით საკითხებს მსოფლიოში. არიან მეთვალყურეები, რომლებიც მუშაობენ მომხმარებელთა საკითხებზე, ჯანდაცვაზე, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა კვალიფიციურობაზე, მედიის სამართლიანობაზე, დისკრიმინაციაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სხვა. მოკლედ, შეგიძლია იყო მეთვალყურე ადგილობრივ, სახელმწიფო, ფედერალურ და საერთაშორისო დონეებზე, შეგიძლია ეწეოდე თითქმის ყველა საკითხის მონიტორინგს და ყურადღება გაამახვილო თითქმის ყველა პიროვნებაზე, ჯგუფზე, ორგანიზაციაზე, სექტორსა (ბიზნესი, მთავრობა, განათლება და ა.შ.) და ინსტიტუციაზე, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს თემის, სახელმწიფოს, ერისა თუ მსოფლიოს ფიზიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კეთილდღეობაზე.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, რა ტიპის მეთვალყურე უნდა იყო? ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • რა რესურსები გაქვს? დაიმახსოვრე, რესურსებში იგულისხმება არა მხოლოდ ფული, არამედ ადამიანები, მათი უნარები, ნიჭი, დრო, სივრცე და ა.შ. მეთვალყურის ამპლუაში მოქმედებას სჭირდება დიდი დრო, ზუსტი ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვება, საკომუნიკაციო და პიროვნებათაშორისი ურთიერთობების უნარები. თუ გეგმავთ სასამართლომდე საქმის მიყვანას ან მეთვალყურეობის როლის შესრულებას ხანგრძლივი დროით, გჭირდებათ შესაბამისი პერსონალი და საკმარისი ფულადი სახსრები.
  • რაში მდგომარეობს თქვენი აქტივიზმის ფილოსოფია? თუ თქვენ გაქვთ განსაზღვრული პოლიტიკური ან სოციალური დღის წესრიგი, შეგიძლიათ იმოქმედოთ სხვაგვარად, ვიდრე იმოქმედებდით მაშინ, როცა მხოლოდ ფაქტების მოპოვება დაგჭირდებოდათ კონკრეტული საკითხის ირგვლივ. ზოგიერთი ძალიან ეფექტური მეთვალყურე პირი/ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ნეიტრალურობა. სხვებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ემსახურებიან რაიმე საქმეს, მიზანს ან პოლიტიკურ პოზიციას. არსებობს არგუმენტები ორივე მათგანისთვის, თუმცა ის პოზიცია, რომელსაც მიემხრობი, დაგეხმარება მეთვალყურის აქტივობების განსაზღვრაში.
  • რას ან ვის უწევ მეთვალყურეობას? თუ შენი საფიქრალი ადგილობრივი სკოლის კომიტეტის მოღვაწეობაზე დაკვირვებაა, დაგჭირდება უბრალოდ ფანქრებითა და რვეულებით აღჭურვილი მოხალისეების მცირე რიცხვი. თუ გაღელვებს ადამიანის უფლებები მსოფლიო მასშტაბით, დაგჭირდება დიდი რესურსები მხოლოდ ინფორმაციის მოსაპოვებლად. შენ ალბათ უფრო აქტიურად შეძლებ გავლენის მოხდენას სკოლის კომიტეტზე. აქტივიზმი ადამიანის უფლებათა სფეროში დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ სხვა ორგანიზაციებზე, რომლებიც შენს დასკვნებს საერთო მიზნისთვის გამოიყენებენ.  
  • გყავთ მოწინააღმდეგეები? ვინ არიან ისინი?  რაც უფრო ძლიერი და ბევრი მოწინააღმდეგე გყავთ, მით უფრო რთულია დააკვირდე მათ აქტივობებსა და პოლიტიკას. ისინი შეიძლება ეცადონ, შეგაწყვეტინონ საქმიანობა სასამართლოს საშუალებით ან შეგიზღუდონ წვდომა ინფორმაციაზე. შესაძლოა დაგჭირდეთ ბევრი დროისა და ფულის დახარჯვა მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მოსაპოვებლად და გადააწყდეთ დაბრკოლებებს ყოველ ნაბიჯზე.
  • რა მიზნები გაქვს? არის ეს მოკლევადიანი პროექტი თუ საჭირო იქნება მისი გაგრძელება მრავალი წლის განმავლობაში?  გაქვთ მიზნად დასახული კონკრეტული შედეგის მიღწევა, მაგალითად, გარკვეული ქარხნის მიერ ინდუსტრიული ნარჩენების მართვაში ცვლილება, ან უფრო დიდი და დაუკონკრეტებელი მიზანი, მაგალითად, ხელმოკლე პირების ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება? შენი მიზანი და მისი შესრულების შესაძლებლობა დაგეხმარება, განსაზღვრო, რა ტიპის მეთვალყურეობა გინდა.
  • ხარ თუ არა საუკეთესო პირი/ორგანიზაცია სამოქმედოდ?  მეთვალყურის ამპლუაში, შენი პირველი ფუნქცია არის იმ ქმედებებისა და პოლიტიკის მონიტორინგი, რომელიც აზიანებს საზოგადოების წევრებს ან ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს. შესაძლოა არსებობდეს სხვა ჯგუფები, რომელთა ფუნქციაც არის კონკრეტულად აღნიშნული საქმიანობისა და პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა თუ სამთავრობო ორგანოების გამოწვევ. ამ ჯგუფებს ექნებათ გამოცდილება, მხარდაჭერა და ეყოლებათ პერსონალი და შეძლებენ შენზე ეფექტურად შეასრულონ მეთვალყურის მისია, თუ შენც მიაწოდებ ინფორმაციას.

 

რატომ უნდა ვიყოთ მეთვალყურეები?

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც თქვენ ან თქვენს ორგანიზაციას შეიძლება მოუნდეს მეთვალყურის როლის მორგება. ამ მიზეზების დიდი ნაწილი სწორი საქმის ჩადენასა და საზოგადოების სამსახურს უკავშირდება, თუმცა ჩამონათვალში პირველი მიზეზი, ალბათ, ყველაზე ძლიერია და სწორედ ის დგას მეთვალყურის საქმიანობის უკან:

  • პირადი ინტერესის გამო: ხშირად ჯგუფი იწყებს მეთვალყურის როლის მორგებას იმ მიზეზით, რომ რაღაც, რაც მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, საფრთხის ქვეშაა ან არ ხდება ის, რაც მათ სურთ. მაგალითად, გარემოსდაცვითი მეთვალყურე ორგანიზაციების წევრებს, დიდი ალბათობით, სიამოვნებთ ბუნებაში ყოფნა. იმ ორგანიზაციების წევრები, რომლებიც თავს გადასახადების გადამხდელთა უფლებების დამცველებად მიიჩნევენ, ძირითადად ღელავენ საკუთარი გადასახადების ოდენობაზე. ამაში არასწორი არაფერია. პირადი ინტერესი აძლიერებს მათ მოტივაციას, შეეხონ თემებს, რომლებიც სხვისთვისაც მნიშვნელოვანია და, საბოლოოდ, ისევე იზრუნონ სხვათა ინტერესებზე, როგორც საკუთარზე.
  • რომ დავიცვათ ის ადამიანები, რომლებსაც მცირე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ძალაუფლება აქვთ და დავეხმაროთ მათ მის გაზრდასა და გამოყენებაში. ძალიან ხშირად კორპორაციები, პოლიტიკოსები და გავლენიანი პირები იყენებენ ძალაუფლებას სხვების ხარჯზე. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება, რომელიც სასარგებლოა დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის, წყდება ეკონომიკური სირთულეების პირველივე ეტაპზე. დამაბინძურებელი საწარმოები, ავტომაგისტრალები, აეროპორტები და  ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები ხშირად მდებარეობს დაბალშემოსავლიან ან უმცირესობით დასახლებულ პუნქტებში. მეთვალყურე ჯგუფს შეუძლია ისაუბროს იმ ადამიანების სახელით, რომლებსაც ჯერ არ აქვთ უნარი, იცოდნენ, როდის და როგორ ილაპარაკონ საკუთარი სახელით, დაეხმარონ მათ ამ უნარების გამომუშავებაში და შეარჩიონ პერსპექტიული ლიდერები იმავე მოსახლეობიდან მეთვალყურის პოზიციაზე.
  • რომ მივაწოდოთ მოქალაქეებს ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება მათ თემსა და მსოფლიოში. მეთვალყურის უპირველესი ფუნქცია, ალბათ, იმ ინფორმაციის მოგროვება და ხალხისთვის მიწოდებაა, რომელიც სხვაგან არაა ხელმისაწვდომი. უმეტესობა ინფორმაციისა, რომელსაც ისინი აწვდიან ხალხს, მოპოვებულია მიზანდასახული ძიებით ან იმ განგაშის ამტეხი პირებისგან, რომლებიც პრესასთან ან გამომძიებლებთან არ საუბრობენ. შედეგად, მეთვალყურეები ხშირად ატყობინებენ საზოგადოებას იმ საკითხების შესახებ, რომელთა გამჟღავნებაც მთავრობას, ბიზნესებსა და სხვებს არ სურთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რას აკეთებენ მათი ლიდერები, სხვა ძალაუფლების მქონე პირები და როგორია სოციალური რეალობა. მეთვალყურემ შეიძლება გამოავლინოს მთავრობის ან კორპორაციის დაფარული, უკანონო ქმედება ან არაკომპეტენტურობა, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან, მაგრამ უგულებელყოფილ სათემო საკითხზე, რომელზეც გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო ან ხაზი გაუსვას კონკრეტული ჯგუფებისა თუ პირების მიმართ უსამართლო და არასათანადო მოპყრობას. შესაბამისად, მეთვალყურე პირი/ორგანიზაცია აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რომელიც მას სჭირდება სიტუაციის გამოსასწორებლად.
  • რომ ძალაუფლება იყოს თემის და არა იმათ ხელში, ვისაც ფული, გავლენა და კავშირები აქვს. ხშირ შემთხვევაში დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ ძალაუფლებას იღებს გავლენიანი ადამიანების პატარა ჯგუფი და იყენებს მას საკუთარი ინტერესებისთვის. ასეთი სიტუაციის გამოაშკარავებით მეთვალყურე შესაძლებლობას აძლევს თემს, ერს, შეინარჩუნოს ან თავიდან მოიპოვოს ძალაუფლება და დარწმუნდეს, რომ ყველა ერთი და იმავე წესებით თამაშობს.
  • რათა თავიდან ავიცილოთ ის უარყოფითი შედეგები, რომლებმაც შეიძლება თემს ეკონომიკური და სოციალური ზარალი მიაყენოს. იმ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილებით, რომელიც გამოსასწორებელია, მეთვალყურეს შეუძლია დაეხმაროს თემს მოსალოდნელი საქმის წარმოების, გარემოს დასუფთავების, რასობრივი კონფლიქტის ან სხვა ხარჯიანი და კატასტროფული შედეგების თავიდან არიდებაში.
  • მხარი დავუჭიროთ სოციალურ სამართლიანობასა და ცვლილებას. მეთვალყურის საქმიანობა გვეხმარება, დავრწმუნდეთ, რომ ყველას თანასწორად ეპყრობიან და თემის ყველა წევრი იღებს იმას, რაც სჭირდება, რომ ხალხი აცნობიერებს და ემხრობა იმ ცვლილების საჭიროებას, რომელიც თემის ცხოვრებას გააუმჯობესებს.
  • რათა შევინარჩუნოთ დემოკრატიული იდეალები. თომას ჯეფერსონმა შესაძლოა თქვა, რომ „ინფორმირებული მოქალაქეობა დემოკრატიის ბურჯია“ (არავის მიუგნია ამ ფრაზის ზუსტი წყაროსთვის), თუმცა 1820 წელს ხანგრძლივი, დატვირთული და აზრიანი ცხოვრების ბოლოს, მან დაწერა: „არ მეგულება საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ძალაუფლების უფრო უსაფრთხო საცავი, ვიდრე თვითონ ხალხი; და თუ მათ არ მივიჩნევთ საკმარისად განათლებულად,  ისარგებლონ ამ ძალაუფლებით მათი განკარგულებისამებრ, გამოსავალია არა ამ ძალაუფლების ჩამორთმევა, არამედ მათი ინფორმირება მისი განკარგვის უფლების შესახებ.“

 

ძირითადი სექტორები/ორგანიზაციები, რომელთა მონიტორინგსაც მეთვალყურეები ახორციელებენ:

 

-მთავრობა

-კორპორაციები და ბიზნესი

-მედია

-გარემოს დაცვა

-ადამიანის უფლებები

-სიძულვილის ჯგუფები

-სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები

-საზოგადოებრივი უსაფრთხოება

-მომხმარებელთა საქმეები

-საზოგადოებრივი სიკეთე

ეფექტური მეთვალყურეობისათვის საჭიროა, მუდმივად ატარებდე კვლევას, რომელიც უნდა მოიცავდეს იმ საკითხისა თუ ორგანიზაციის შესახებ არსებული ყველა ინფორმაციის მოპოვებას, რომლითაც დაინტერესებული ხარ; საქმეების მიმდინარე მდგომარეობაზე ინფორმაციის შეგროვებას, ორგანიზაციების პოლიტიკისა და პრაქტიკების შესწავლას, სოციალური კონტაქტების ჩამოყალიბებასა და ინფორმაციის წყაროების გაცნობას.

როცა გექნება საჭირო ინფორმაცია, უნდა გადაწყვიტო, თუ როგორ გამოიყენო ის. რეალურად ოთხი ვარიანტი გაქვს, თითოეული შეესაბამება მეთვალყურის ოთხ ტიპს, რომლებიც ამ ნაწილის დასაწყისში განვიხილეთ: შეგიძლია არაფერი გააკეთო; შეგიძლია გაასაჯაროო ინფორმაცია მედიისა და/ან საჯარო შეხვედრებისა და სხვა საშუალებებით; შეგიძლია გამოიყენო მოპოვებული ინფორმაცია ბერკეტის სახით, რათა მიიღო საჭირო დათმობები და ქმედებები ორგანიზაციისგან, მოუწოდო მას კონკრეტულ საკითხზე მუშაობისაკენ; შეგიძლია იმოქმედო ოფიციალურად: შეიტანო საჩივარი, მოაწყო გაფიცვა ან ბოიკოტი, დაიწყო საქმისწარმოება სასამართლოში. ის კი, თუ როგორ იმოქმედო ზოგადად თუ კონკრეტულ სიტუაციაში, დამოკიდებულია თვითონ პრობლემურ საკითხზე, იმაზე, თუ რას აკეთებენ სხვები, რა არის შენი ძლიერი მხარე, რესურსები და როგორ შეძლებ ყველაზე დიდი გავლენის მოხდენას.

საბოლოოდ, თუ გსურს ნამდვილად ეფექტიანი იყოს შენი საქმიანობა, ბოლომდე უნდა მიჰყვე მას.

თუ შენ შეძლებ ყოველივე ჩამოთვლილის შესრულებას, შეძლებ დაიცვა შენი თემი (ან უფრო დიდი საზოგადოება, გააჩნია შენს მოქმედების სფეროს) არაკეთილსინდისიერი ან არაკომპეტენტური მთავრობის წარმომადგენლებისა და სააგენტოების, კორპორაციების, ორგანიზაციების, ინსტიტუციების, ინტერესთა ჯგუფებისაგან და მხარი დაუჭირო პრობლემებისა და საკითხების შესახებ რეზოლუციების მიღებას.

რომ შევაჯამოთ, არსებობს სხვადასხვა ტიპის მეთვალყურე: ის, ვინც არაფერს აკეთებს, ის, ვინც უბრალოდ აფრთხილებს, ის, ვინც იცავს და ის, ვინც შეტევაზე გადადის. ის, თუ როგორი ტიპის მეთვალყურე იქნები შენ ან შენი ორგანიზაცია, დამოკიდებულია რესურსებზე, ფილოსოფიაზე, საქმიანობის ხასიათზე, იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც მეთვალყურეობას უწევ, მოწინააღმდეგეებზე, მიზნებსა და იმაზე, იქნება თუ არა ეფექტური შენი საქმიანობა.

 

მასალის წყარო: https://ctb.ku.edu/en/table-of-contents/advocacy/advocacy-research/act-as-watchdog/main?fbclid=IwAR1ndEOcGphRp1VATvC5vqyd9bfY6NQ9IvLOzKJeIj1ADuBsOTT6ye0m_q8 

 

გამოქვეყნდა COBERM - ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი), ევროკავშირისა (EU) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე - გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ მიერ. გამოცემის შინაარსი წარმოადგენს ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას და მისი აღქმა  EU-ს ან UNDP-ს მოსაზრებად დაუშვეებლია.“