ინკლუზიური ბიუჯეტირება



ინკლუზიური ბიუჯეტირება

ინკლუზიური პოლიტიკის ცენტრი (CIP)

 

საჭიროა განმარტება: ინკლუზიური, შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით თუ შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესაბამისი ბიუჯეტირება?

მაისი, 2019

 

ბოლო წლებში ბევრმა ქვეყნამ მიიღო ახალი კანონმდებლობა შშმ პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) განსახორციელებლად და, შესაბამისად, გაიზარდა ინტერესი შშმ პირთა ინკლუზიაში სახელმწიფო ბიუჯეტის როლის მიმართ. ტერმინები: „ინკლუზიური ბიუჯეტირება“, “შეზღუდულ შესაძლებლობებზე მორგებული ბიუჯეტირება“, „შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით ბიუჯეტირება“ და „CRPD-ის შესაბამისი ბიუჯეტირება“ ურთიერთჩანაცვლებით გამოიყენება, მაგრამ  შესაძლოა, სხვადასხვა რამეს მოიაზრებდეს. მათ გასარჩევად გვჭირდება სამი ძირითადი შეკითხვა, რომლებიც ინკლუზიური ბიუჯეტირების წინაპირობას წარმოადგენს:

 

ბიუჯეტირების ფუნდამენტური შეკითხვები

  • იხარჯება თუ არა საკმარისი სახელმწიფო სახსრები შშმ პირთა უფლებების რეალიზებისათვის?
  • გროვდება და იხარჯება სახელმწიფო სახსრები იმგვარად, რომ ყოველთვის ხდებოდეს ინკლუზიისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა?
  • არის ბიუჯეტირებისა და შესყიდვების პროცესები, სხვა პროცესებთან ერთად, სრულიად ინკლუზიური?

ინკლუზიური ბიუჯეტირება გულისხმობს, რომ მთავრობის შემოსავლების გენერირებასა და ხარჯვაში გათვალისწინებულია ყველა ადამიანი, მათ შორის შშმ პირებიც. ამასთან, ყურადღება ექცევა იმას, თუ რა გავლენას ახდენს სახელმწიფო შემოსავლების გენერირება და ხარჯვა გენდერულ თანასწორობასა და ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფებზე. ინკლუზიური ბიუჯეტირება უზრუნველყოფს საბიუჯეტო პროცესში ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან საფუძვლიან კონსულტირებას. ამ მიდგომას ყოვლისმომცველი ხასიათი და ძლიერი მხარეები აქვს, მაგრამ მისი ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება უგულებელყოფდეს სხვადასხვა ჯგუფის, კერძოდ, შშმ თემში ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებს. ბიუჯეტირების სამ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა, ეს ინკლუზიური ბიუჯეტირების გარანტიას არ იძლევა.

შეზღუდულ შესაძლებლობებზე მორგებული და შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით ბიუჯეტირება თავისი არსით გენდერულ და ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით ბიუჯეტირებას წააგავს, თუმცა მასში ყურადღება გამახვილებულია შშმ თემზე. ასეთი მიდგომა, შესაძლოა, უფრო ინკლუზიური იყოს, მაგრამ მაინც არაა საკმარისად კონკრეტული. მთავრობებმა შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით ბიუჯეტირებად შესაძლოა მიიჩნიონ დაფინანსების გაზრდა იმ პროგრამებისთვის, რომლებიც:

  • მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უწყობს ხელს შშმ პირთა ინკლუზიას, მაგალითად, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები (იმუნიზაცია, ნაღმების შესახებ ცნობიერება...).
  • ეწინააღმდეგება CRPD-ს სტანდარტებს - მაგალითად, სეგრეგაციული განათლება ან ფსიქიატრიული დაწესებულებები, რომლებიც იძულებითი მკურნალობის და ზოგადად, იძულების პრაქტიკას მისდევენ.
  • მორგებულია შეზღუდულ შესაძლებლობებზე და ვერ უწყობს ხელს მთავრობის მიდგომას.

მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური და შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით ბიუჯეტირება საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, ჩაერთონ ბიუჯეტირების პროცესებისა და სახელმწიფო ფინანსების მართვაში, ისინი შეიძლება ვერ აყალიბებდეს ყოვლისმომცველ სახელმძღვანელო პრინციპებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ CRPD-ს იმპლემენტაციისთვის გამოიყენებული იქნება არსებული რესურსების მაქსიმალური ოდენობა.

 

 

შშმ პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) შესაბამისი ბიუჯეტირება, დაფუძნებულია რა CRPD-ყოვლისმომცველ სტანდარტებზე, ეხება ბიუჯეტირების სამივე კითხვას, რათა შეფასდეს და დაიგეგმოს სახელმწიფო რესურსების გენერირება და განაწილება. ამგვარი ბიუჯეტირება ხელს უწყობს ინკლუზიურ ბიუჯეტირებასაც, რომელიც ზოგად ჯგუფებსა და საკითხებს ითვალისწინებს. CRPD-ს კომიტეტს ჯერაც არ ჩამოუყალიბებია კონკრეტული მიდგომა, თუ რა მოიაზრება კონვენციის შესაბამის ბიუჯეტირებაში, თუმცა კონვენციის სტანდარტებსა და ფილიპინების, ინდოეთის და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების შშმ პირთა ორგანიზაციების ბიუჯეტის ანალიზისა და ადვოკატირების გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია განვსაზღვროთ რამდენიმე ძირითადი საკითხი:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესი შესაბამისობაში უნდა იყოს შშმ პირთა უფლებების კონვენციის დებულებებთან და გავლილი უნდა იყოს მჭიდრო კონსულტაციები შშმ თემის, მათ შორის შშმ ქალებისა და ბავშვების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა ეთმობოდეს ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფებს.
  • საჯარო ფინანსების მართვის სისტემა ეფექტიანად და ეფექტურად უწყობს ხელს CRPD-ის იმპლემენტაციას, იყენებს რა ყველა შესაძლო საშუალებას (გადარიცხვებს, სახელმწიფო შესყიდვებს, გრანტებს, კონტრაქტებს, საგადასახადო ხარჯებს, შემოსავლების გენერირებას და ა.შ.).
  • ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ხარჯები და ასევე განვითარების დახმარების სახსრები ხელს უწყობს მისაწვდომობას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას სხვადასხვა სექტორში და აუმჯობესებს შშმ პირთა ინკლუზიას.
  • ყოველი პოლიტიკა, სახელმძღვანელო პრინციპი და ადმინისტრაციული რეგულაცია, სახელმწიფო შესყიდვების რეგულაციების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო ხარჯებთან, შეესაბამება CRPD-ს.
  • სახელმწიფოს შიდა და საერთაშორისო რესურსებით არ უნდა ფინანსდებოდეს ისეთი პროგრამები და სერვისები, რომლებიც ეწინააღმდეგება CRPD-ის სტანდარტებს:

 

  • კონვენციასთან შეუსაბამო პროგრამები უნდა გადაკეთდეს CRPD-ის სტანდარტების შესაფერისად ან მსგავს პროგრამებზე გამოყოფილი რესურსები გადანაწილდეს კონვენციასთან შესაბამისობაში არსებულ პოლიტიკას, სერვისებსა და პროგრამებზე. ეს ცვლილებები შესაძლებელია თანდათანობით განხორციელდეს, თუმცა განსაზღვრული უნდა იყოს საბოლოო ვადა. ეს ეხება იმ სერვისებსაც, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება და/ან რეგულირდება სახელმწიფოს მიერ, მათ შორის ის მომსახურებებიც, რომლებსაც კერძო პირები ახორციელებენ.

 

  • საჯარო რესურსები გამოყენებული უნდა იქნას იმისათვის, რომ:

 

  • უზრუნველყოფილი და მდგრადი იყოს კონვენციასთან შესაბამის ეროვნულ პოლიტიკაზე, პროგრამებსა და სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა.
  • გაიზარდოს კონვენციასთან შესაბამისი ეფექტური ადგილობრივი პროგრამებისა და ინიციატივების მასშტაბი.
  • მოხდეს ინვესტირება ისეთ სოციალურ ინოვაციებში, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან მოთხოვნად სერვისებში ინკლუზიის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე.

 

 

  • განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გენდერულ თანასწორობას, შშმ ბავშვებისა და ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფების ინკლუზიას.
  • ყველა სამინისტრო, სახელმწიფო სააგენტო და ადგილობრივი მთავრობა გამოყოფს რესურსებს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და თანდათანობით ხდის სერვისებს მისაწვდომსა და ინკლუზიურს ყველა შშმ პირისთვის. შეიძლება გათვალისწინებული იყოს ამ მიზნისათვის თანხების გამოყოფა და ტექნიკური დახმარება.
  • ცენტრალური მთავრობა გადასცემს პასუხისმგებლობას ადგილობრივ მთავრობას და უზრუნველყოფს ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი სახსრებით, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს სერვისების მიწოდება და იმ დახმარების აღმოჩენა ადამიანებისათვის, რასაც მისთვის მინიჭებული მანდატი ითვალისწინებს.
  • შემოსავლების გენერირება, დაბეგვრის ჩათვლით, გენდერულად სენსიტიური პროცესია. ის ითვალისწინებს იმ დამატებით ხარჯებს, რომელთა გაწევაც უწევთ შშმ პირებს და აფართოებს ფისკალურ სივრცეს ინკლუზიისათვის.
  • აკრძალულია შშმ პირთა ინკლუზიისათვის გამოყოფილი რესურსების არაპროპორციული და თვითნებური შემცირება, რამდენადაც ეს ეწინააღმდეგება არარეტროგრესიულობის პრინციპს (principle of non-retrogression), რომლის თანახმადაც სახელმწიფოს ეკრძალება ადამიანებისთვის იმ უფლებების წართმევა, რაც მათ ადრე მიანიჭა თავისივე გადაწყვეტილებით.
  • საბიუჯეტო პროცესები და ანგარიშები უნდა იყოს გამჭვირვალე, CRPD-ის შესაბამისი ბიუჯეტირების პროგრესის მონიტორინგისათვის წინასწარ შემუშავებული ინდიკატორებით როგორც ბიუჯეტის განაწილების, ასევე ხარჯების კუთხითაც.

 

ყოველი ქვეყანა ვალდებულია, მნიშვნელოვნად შეამციროს დისკრიმინაცია და დაიცვას მისაწვდომობის ვალდებულება საჯარო ხარჯების გაწევისას, თუმცა შშმ პირთა ინკლუზიისთვის გამოყოფილი რესურსების განაწილება განსხვავებული იქნება კონტექსტიდან გამომდინარე.

ბევრი მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, როგორებიცაა ევროკავშირის ქვეყნები, უკვე მნიშვნელოვან რესურსს გამოყოფს ბიუჯეტიდან შშმ თემთან დაკავშირებული საკითხებისთვის - საშუალოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის1 სულ მცირე 2.1 პროცენტს (რაც ყოველთვის არ არის საკმარისი მათი ვალდებულებების სრულფასოვნად შესასრულებლად და ბოლო წლებში ექვემდებარება მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას). აქ მოიაზრება, პირველ რიგში, ხარჯების გადანაწილება კონვენციასთან შესაბამისი პოლიტიკის განვითარებისთვის, როგორებიცაა: ინკლუზიური განათლება, დეინსტიტუციონალიზაცია, თემზე დაფუძნებული სერვისები.

დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობა ძალზედ მწირ რესურსს დებს შშმ პირთა ინკლუზიაში - ხშირად, მშპ-ს 0.5%-ზე ნაკლებსაც კი). შესაბამისად, შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაცია და მდგრადი განვითარების ინკლუზიური მიზნების მიღწევა მოითხოვს საბიუჯეტო ასიგნებების მნიშვნელოვან გაზრდას სხვადასხვა სექტორში. ასეთ ქვეყნებს ხშირად მოუწევთ პროგრამების გადაკეთება, რათა გახადონ ისინი უფრო ინკლუზიური და კონვენციის შესაბამისი.

შშმ პირთა ორგანიზაციებმა და ეროვნულმა და ადგილობრივმა მთავრობებმა დონორებთან ერთად უნდა ჩამოაყალიბონ შშმ პირთა უფლებების კონვენციის სტანდარტების არსი, მაქსიმალურად გამოიყენონ ხელმისაწვდომი მონაცემები და მოახდინონ არსებული ხარვეზებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირება, რათა შეძლონ რესურსების ეფექტურად და თანაბრად განაწილება. საჭიროა მეტი კვლევა და ტექნიკური უნარების განვითარება, რათა მოხდეს ამ პროცესების ხელშეწყობა.

 

 

 

ინკლუზიური პოლიტიკის ცენტრი წყნარი ოკეანის ქვეყნების შეზღუდულ შესაძლებლობათა ფორუმთან (ფიჯი), სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობის ცენტრთან (ინდოეთი) და ევროპის ფონდთან (საქართველო) ერთად მუშაობს შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესაბამისი ბიუჯეტირების ადვოკატირებაზე და ამჟამად ქმნის ამ თემასთან დაკავშირებულ ტრენინგ-მოდულებს ვესტმინტერის დემოკრატიის ფონდთან და სხვებთან თანამშრომლობით. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ www.inclusive-policy.org, alex.cote@inclusive-policy.org და ინკლუზიური პოლიტიკის ცენტრის (CIP)  სადისკუსიო სტატია №1 Why progress on inclusion demands action on budget” (Polly Meeks).

 

 

1 ANED, (2017), ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვა (გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 28-ე მუხლი), სტატისტიკური ინდიკატორები.  

ინკლუზიური პოლიტიკის ცენტრი,  1450 Church Street, NW, Washington, DC 2005 www.inclusive-policy.org

სტატიის წყარო: Inclusive policy center, 2019, Clarification needed: Inclusive, disability responsive or CRPD compliant budgeting?

https://inclusive-policy.org/wp-content/uploads/2019/06/Inclusive-CRPD-budgeting-Brief_1006_-web.pdf

მასალის სრული ვერსია ჩამოტვირთეთ მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ვორდის ფაილიდან.

 

 

გამოქვეყნდა COBERM - ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი), ევროკავშირისა (EU) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე - გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ მიერ. გამოცემის შინაარსი წარმოადგენს ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას და არცერთ შეთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული, როგორც EU-ის ან UNDP-ს მოსაზრება.“