შშმ პირთა ინკლუზია გაეროს სისტემაში



შშმ პირთა ინკლუზია გაეროს სისტემაში

გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში: 

 

"2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დამტკიცებით გაეროს წევრმა ქვეყნებმა დადეს პირობა, არავინ დაეტოვებინათ ყურადღების მიღმა, მათ შორის, არც შშმ პირები. გაეროს სტრატეგიით შშმ პირთა ინკლუზიის შესახებ ვიღებ ვალდებულებას, დავეხმარო წევრ ქვეყნებს 2030 წლის დღის წესრიგისა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის განხორციელებაში.

2019 წლის ივნისში სტრატეგიის ამოქმედებისას განვაცხადე, რომ გაერო მაგალითს მისცემდა სხვებს, აამაღლებდა სტანდარტებს და გააუმჯობესებდა შშმ პირთა ინკლუზიაზე მუშაობის ეფექტურობას თავისი სამოქმედო არეალის ყველა სფეროში _ სათაო ოფისიდან საველე სამუშაოების ჩათვლით. წინამდებარე ანგარიში აღწერს შშმ პირებისათვის ტრანსფორმაციული და გრძელვადიანი ცვლილებების მიღწევისაკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს გაეროს სისტემაში.

ანგარიშში ჩანს მკაფიო წინსვლა, რომელსაც გაერომ სტრატეგიის ამოქმედების შემდეგ მიაღწია. ანგარიში ეფუძნება მუშაობის პროცესში გაეროს ორგანოების წარმოდგენილ  ანგარიშებს შშმ პირთა ინკლუზიის შესახებ ორგანოების ანგარიშვალდებულების ჩარჩოსა და გაეროს ქვეყნების ანგარიშვალდებულების შეფასების ცხრილის ფარგლებში. სწორედ ეს ჩარჩო და ცხრილი ადგენს პირველ, სრულყოფილ საბაზისო დონეს, რომლის მიხედვითაც ფასდება შშმ პირთა ინკლუზიაში მიღწეული სისტემური პროგრესი. წინამდებარე ანგარიში აგრეთვე განიხილავს შშმ პირთა ინკლუზიის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, მათ შორის, კორონავირუსის საპასუხო ზომებისა და აღდგენითი ღონისძიებების შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და აქცენტს აკეთებს იმ ძირითად სფეროებზე, სადაც აუცილებელია მეტი მოქმედება და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა.

იმის გათვალისწინებით, რომ სტრატეგია გასულ წელს (2019) ამოქმედდა, ანგარიშში წარმოდგენილია შშმ პირებისათვის უფრო ინკლუზიური  შექმნისათვის შემუშავებული ადრეული ქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიური, მისაწვდომი და მდგრადი მსოფლიოს შენებას.

 

 

 

შესავალი

ეს ანგარიში წარდგენილია გენერალური ასამბლეის 74/144 რეზოლუციის შესაბამისად, რადგან ასამბლეამ მთხოვა, 75-ე სესიაზე წარმედგინა გაეროს სისტემის მიერ შშმ პირების  ჩართულობისკენ გადადგმული ნაბიჯების პროგრესის შეფასება, გაეროს შშმ პირთა ინტეგრაციის სტრატეგიის იმპლემენტაციის ჩათვლით.

ანგარიში დაყოფილია შვიდ ნაწილად. შესავალს მოსდევს გაეროს მიერ შშმ პირთა ინკლუზიაში, კერძოდ, სტრატეგიის ამოქმედებაში მიღწეული წინსვლის მიმოხილვა (მეორე ნაწილი). მესამე ნაწილში განხილულია სტრატეგიის იმპლემენტაციის პირველი წელი ორგანოებსა და ქვეყნებში; მეოთხე ნაწილში ყურადღება გამახვილებულია კოვიდ-19-ის საპასუხო ზომებსა და აღდგენით ღონისძიებებზე; შემდეგ ნაწილში ვსაუბრობთ სტრატეგიის განსახორციელებლად გატარებულ ყოვლისმომცველ ქმედებებზე. მეექვსე ნაწილში ასახულია გამოწვევები და შესაძლებლობები; მეშვიდე ნაწილში მოცემულია დასკვნა და გენერალური ასამბლეის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ანგარიშში გაანალიზებულია გაეროს 57 ორგანოდან მათი ანგარიშვალდებულების ჩარჩოსა  და გაეროს წევრი 7 ქვეყნის გუნდის ანგარიშვალდებულების შეფასების ცხრილის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია შშმ პირთა ინკლუზიის შესახებ."