ჩვენ შეგვეზღუდა შესაძლებლობები: როგორ დაამტკიცა პანდემიამ შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის ეფექტურობა



ჩვენ შეგვეზღუდა შესაძლებლობები: როგორ დაამტკიცა პანდემიამ შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის ეფექტურობა

 

მათ, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალურ მოდელზე არაფერი გსმენიათ, განგიმარტავთ, რომ იგი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის აღქმის სამოქალაქო უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას. ეს მოდელი ერთმანეთისგან განარჩევს დარღვევას და შეზღუდულ შესაძლებლობას და ყურადღებას ამახვილებს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც საზოგადოებას ეკისრება ადამიანების შეზღუდული შესაძლებლობების გამო. მაგალითად, თავიდანვე ყველას რომ ესწავლა ჟესტების ენა, სმენის არმქონე ადამიანი აღარ აღმოჩნდებოდა არასასურველ მდგომარეობაში. ქალაქები რომ აშენებულიყო და დაგეგმილიყო ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით და რომ არ არსებობდეს სოციალური სტიგმა განსხვავებულ გარეგნობასთან ან საუბართან დაკავშირებით, ფიზიკური დარღვევის ქონა აღარ განაპირობებდა შეზღუდულ შესაძლებლობას. ჩემი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში, მე ვეხმარები ბიზნესებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომელთა დამაბრკოლებელი ბარიერების აღმოფხვრაში. ეს ადამიანები ხომ ამაოიდ იტანჯებიან იმის გამო, რომ გარემო და სამუშაო კულტურა არ არის შექმნილი მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

ცოტა ხნის წინ დოქტორი ფრენსის რაიანი The Guardian-ში წერდა იმ ტკბილ-მწარე გამოცდილების შესახებ, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის კრიზისის შედეგად იმ მოულოდნელი მხარდაჭერისა და მოქნილობის მიღებას, რომელიც მას რეალურად სჭირდებოდა. ამან განაპირობა მტკივნეული ფიქრები იმაზე, თუ რატომ უმეორებდნენ აქამდე, რომ მსგავსი მხარდაჭერისა და მოქნილობის უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო.

შედეგად, მეც დავფიქრდი, თუ როგორ განაპირობებს არსებული გარემო შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული მისადაგების ფართო მისაწვდომობას, არა მხოლოდ ეთიკური “გამოღვიძების” ან გაზრდილი ემპათიის შედეგად, არამედ, იმის გამო, რომ ამჟამად ყველანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვართ. თუ მივყვებით შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის ლოგიკას, ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ გარემოში, რომელიც არ არის იდეალური არა უხილავი უმცირესობისთვის, არამედ, დიდი უმრავლესობისთვის. ნება მომეცით, ეს მოსაზრება უკეთ განვმარტო და წარმოვადგინო მაგალითები. 

 

შეიცვალა თქვენი ღირებულება?

ადამიანებს ხშირად ძალიან უკვირთ იმის გაგონება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების 83% შეძენილია, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის შეძენის საშუალო ასაკია 53 წელი (წყარო Business Disability Forum). რთულია იმ ახალ სამყაროზე მორგება, რომელშიც, მოულოდნელად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდები. ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარი ინტერესებისა და განსაკუთრებელი საჭიროებების სასარგებლოდ ადვოკატირება და ამავდროულად, უნდა იყვნენ თავდაჯერებულები და თავიანთ უნარებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რაც რთულია ისეთ სამყაროში, სადაც ადამიანთა მცირე ნაწილს ესმის, თუ რას განიცდიან ისინი.

 

რამოდენიმე თვის წინ სამყარო მოულოდნელად აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც სხვებთან ფიზიკური სიახლოვე დაუშვებელია. ერთი ხელის მოსმით, ადამიანთა მთლიანი ჯგუფი არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თანაც, დაუმსახურებლად,

თუ თქვენს ძირითად უნარებს წარმოადგენს ადამიანებთან ურთიერთობა და პირისპირ ინტერაქცია, შექმნილ სიტუაციაში თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული აქტივი დამსაქმებლისათვის უსარგებლოა. თქვენი ღირებულება შემცირდა თქვენს კონტროლს მიღმა არსებული ძალების მიერ, ხოლო სამყაროში მიმდინარე ცვლილებების შედეგად, თქვენმა ძლიერმა მხარეებმა მნიშვნელობა დაკარგა.

პროფესიული ასპექტი გვერდით რომ გადავდოთ, თუ თქვენ სოციალიზება გჭირდებათ იმისათვის, რომ თავი იგრძნოთ სტაბილურად და ბედნიერად, თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. სწორედ ასეთია შეზღუდული შესაძლებლობის ქონა; სწორედ ასეთ მდგომარეობაში იზრდებიან ზოგიერთი ადამიანები.

 

 

გზის გაკვლევა გაზრდილი ემპათიის საფუძველზე

არსებულ დროში ჩვენ, როგორც ლიდერებმა, შეგვიძლია, შევისწავლოთ ის ფაქტორები, რომელიც არასასურველ მდგომარეობაში გვაყენებს და მიღებული ცოდნისა და ემპათიის საფუძველზე გამოვავლინოთ ის ცვლილებები, რომელიც შესაძლებელია და უნდა განხორციელდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის მხარდასაჭერად. 

Zoom-ით გამოწვეული გადაღლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე ადამიანების ფართო გაღიზიანებას იწვევს. ყველა სახის კომუნიკაცია არ არის ვიდეო ფორმატისთვის იდეალურად მორგებული. ხშირად, რთულია სხეულის ენის წაკითხვა, რათა მიხვდეთ, რომ თქვენი ჯერია, ისაუბროთ; ზოგჯერ ტექნიკური პრობლემები მეორე ადამიანის მოსმენას ან მასთან გადაუდებელ საკითხზე დაკავშირებას შეუძლებელს ხდის. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი აუტისტური ადამიანების ყოველდღიურობის მსგავსია!

 

ეჭვგარეშეა, რომ კრიზისის შემდეგ ადამიანების უმრავლესობა იქნება უაღრესად მადლიერი, რომ დაუბრუნდა პირისპირ კომუნიკაციებს, ხოლო ყრუ და შეზღუდული სმენის მქონე ადამიანები სამედიცინო შემთხვევის დროს, ჟესტების ენაზე თარგმანს, ხშირ შემთხვევაში, კვლავ პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით მიიღებენ. სმენის შეზღუდვის მქონე ქალს ვიდეოკავშირის საშუალებით შეატყობინებს უცნობი ადამიანი, რომ მას მუცელი მოეშალა; მძიმე ავადმყოფობის მქონე ადამიანებს თავიანთ ექიმებთან მოუწევთ წერილობითი ფორმით კომუნიკაცია იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკავშრი გაითიშება.

ამ დროს, როდესაც ყველა ჩვენგანს ძალიან უჭირს სხვებთან კავშირის დამყარება, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად უზღუდავს ჩვენი საზოგადოება სმენის დარღვევის მქონე ადამიანების შესაძლებლობებს და ხელახლა შევაფასოთ ჟესტების ენის ფართოდავრცელებული სწავლების, ტექნოლოგიების ნაცვლად პერსონალური თარჯიმნების გამოყენებისა და ნებისმიერ ვიდეო მასალაზე სუბტიტრების განთავსების საკითხები.

 

თუ თქვენ თივისმიერი ცხელება გაქვთ ან მწეველი ხართ და გახველებთ, სავარაუდოდ, სახლიდან გასვლის გეშინიათ. სუპერმარკეტში კვირაში ერთხელ დადიხართ და ხველის შეკავებას ცდილობთ, რადგან იცით, რომ ყველა თქვენ მოგაშტერდებათ? გეშინიათ, რომ ალერგიისგან გამოწვეული ცემინებებით გარშემომყოფებს შეაშინებთ? მაშინ დაფიქრდით, რომ სწორად ამას განიცდიან ადამიანები, რომელთაც უნებლიე ფიზიკური ან ვერბალური ტიკები აქვთ. დაე, თქვენმა ამჟამინდელმა მდგომარეობამ, რომელშიც თავს შეზღუდულად გრძნობთ, დაგაფიქროთ იმაზე, თუ როგორია თავს სოციალურად გარიყულად გრძნობდეთ მხოლოდ იმ რეფლექსების გამო, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ.

ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია სახეზე პირბადის ტარება იმის გამო, რომ ეს მათში კლაუსტროფობიის შეგრძნებას ან მღელვარებას იწვევს. ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რას გრძნობენ სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ადამიანები, ვისაც აიძულებენ სასკოლო უნიფორმების ან ფორმალური საოფისე ტანსაცმლის ჩაცმას, რომელიც მათთვის აბსოლუტურად აუტანელია. პრობლემა არა წესებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, არამედ, ჭეშმარიტი ფიზიკური რეაქცია. ხომ შესაძლებელია შესაბამისი კორექტივების შეტანა?

საზოგადოებისგან იზოლაცია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს გაგრძნობინებთ მარტოსულად და სხვებისგან განცალკევებულად. სწორედ ამას განიცდის არაერთი ადამიანი, ვინც საკუთარი განსხვავებულობის გამო არ არის საზოგადოებაში ჩართული ან მიღებული. მარტოობა დიდი პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის და იგი უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ახლა, როცა ვხვდებით, თუ რას განიცდიან ისინი, უფრო მეტად უნდა ვცადოთ მათი დახმარება.

მოქნილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება

მათ, ვინც განიცდის თავისუფლების შეგრძნებას იმის გამო, რომ სახლიდან მუშაობს და ყოველდღე სამსახურამდე არ უწევს გადაადგილება, შეგახსენებთ, რომ არ არის აუცილებელი, შეზღუდვების შემსუბუქებისთანავე დაუბრუნდეთ საქმიანობის ჩვეულ ფორმას. ახლა გაცილებით რთული იქნება მტკიცება იმისა, რომ დისტანციურად მუშაობა, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე განხორციელებული კორექტირება, არის "არაგონივრული". ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს ჩვენი ნაკლებად ექსტრავერტი კოლეგების პროდუქტიულობის მიღწევები.

ჩვენ, როგორც ბიზნეს ლიდერებმა, რომლებიც სამსახურში დაბრუნებას ვგეგმავთ, შეგვიძლია, ბოლო რამოდენიმე კვირა შემდეგ კატეგორიებად დავყოთ:

· ახალი რაღაცები, რასაც დავტოვებთ

· ახალი რაღაცები, რასაც შევწყვეტთ

· ძველი რაღაცები, რასაც აღვადგენთ

· ძველი რაღაცები, რასაც აღარ გამოვიყენებთ

გავითვალისწინოთ ის ადამიანები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ და მათ მივცეთ შესაძლებლობა, შეინარჩუნონ თავიანთი სამუშაო პირობები. შეზღუდული კოგნიტური შესაძლებლობის მქონე და ქრონიკული გადაღლის სინდრომის მქონე ადამიანების იძულება, კონცენტრირება მოახდინონ ღია დაგეგმარების ოფისში იგივეა, რაც სმენადაქვეითებული ადამიანს უთხრათ, "კარგად მომისმინე", ან ადამიანს, რომელიც გაყიდვებში წარმატებას სხეულის ენაზე დაკვირვებით აღწევს, power point-ის შედგენა დაავალოთ. აღნიშნული დისკრიმინაციულია და ნიჭს დაბრკოლებას უქმნის.

გავიხენოთ, როგორია კომუნიკაციის იმ არხებთან ბრძოლა, რომელიც თავისუფლად აზროვნების შესაძლებლობას გვიზღუდავს და ნაკლებად განვსაჯოთ დისლექსიური და დისფრაქსიული ადამიანები.

გავიხენოთ, რამდენ ძალისხმევას ვდებთ დღეს ტექნოლოგიაში - როგორიცაა, მაგალითად, alt-text ფუნქცია გამოსახულებების შემთხვევაში, რათა მათ, ვინც ყველა სახის კომუნიკაციას ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ახორციელებს, თავი გარიყულად არ იგრძნონ.   

მოდით, ყველა ეს შესაძლებლობა დავტოვოთ მას შემდეგ, რაც არჩევანის თავისუფლებას დავიბრუნებთ.

 

ნენსი დოილი, ფორბსის გამოცემა, 2020 წლის 29 აპრილი.

ორიგინალი წყარო: https://www.forbes.com/sites/drnancydoyle/2020/04/29/we-have-been-disabled-how-the-pandemic-has-proven-the-social-model-of-disability/?fbclid=IwAR2tlr8qCmTeUJfxuYFl62yle8N5eXP1NfZ3oHXiQwXN-Rw6dGcXMG7oJxw#1408566c2b1d