შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით



შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი #7

 

ხშირ შემთხვევაში, შშმ პირებთან დაკავშირებული, მათ ცხოვრებაზე გავლენის მქონე და მათი სახელით გადაწყვეტილებები მიიღება ისე, რომ ეს პირები არ არიან ჩართულნი პროცესში. მათთან კონსულტაციის მნიშვნელობა  ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღიარეს. ეს შედეგად მოჰყვა შშმ პირთა მოძრაობების შექმნას,რომლებმაც მოითხოვეს ადამიანის უფლებების ცნობა, ასევე, მათ განსაზღვრაში საკუთარი როლის აღიარება. სლოგანი - „არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენ გარეშე“ - რომელიც ეფუძნება მნიშვნელოვანი მონაწილეობის (meaningful participation) პრინციპს, ეხმიანება შშმ პირთა უფლებებზე შექმნილი მოძრაობის ფილოსოფიასა და ისტორიას.  

 

საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით შშმ პირები ჯერ კიდევ  დგანან დამოკიდებულებითი, ფიზიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ბარიერების წინაშე. კონვენციის ძალაში შესვლამდე, შშმ პირების მოსაზრებები უგულებელყოფილი იყო და მათ ნაცვლად უპირატესობა ენიჭებოდათ მესამე მხარეებს (მაგ.:  შშმ პირებისთვის არსებულ ორგანიზაციებს). 

 

კონვენციაზე მოლაპარაკებისა და მისი შემუშავების პროცესში შშმ პირთა ჩართულობა - უშუალოდ ან წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით - სრულყოფილი და ეფექტიანი მონაწილეობის, ინდივიდუალური ავტონომიისა და გადაწყვეტილებათა მიღების თავისუფლების შესანიშნავი მაგალითი აღმოჩნდა. შედეგად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი შშმ პირებს ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს ადამიანის ყველა უფლებისა და ძირითადი თავისუფლების „სუბიექტებად“.

 

საკუთარი იურისპრუდენციის გათვალისწინებით და წინამდებარე კომენტარით, კომიტეტი მიზნად ისახავს,  მონაწილე სახელმწიფოებისათვის  განმარტოს კონვენციის 4(3) და 33(3) მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებები და მათი შესრულება.

 

მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ შშმ პირთა ჩართულობისა და მონაწილეობის აუცილებლობა წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით და მათი დადებითი გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე,  განსაკუთრებით, მათი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და უფლებებზე  ცოდნის გათვალისწინებით. კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის -  ისევე, როგორც მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მიზნების  შესრულების - პროცესში ყველა მექანიზმის გამოყენებისას, მონაწილე  სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ კონვენციის ზოგადი პრინციპებიც.