კოვიდ 19-ის საპასუხო ღონისძიებები შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით



კოვიდ 19-ის საპასუხო ღონისძიებები შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოლიტიკის მიმოხილვა, მაისი, 2020.

 

კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისი აღრმავებს არსებულ უთანასწორობას, ააშკარავებს შშმ პირთა გარიყულობას საზოგადოებისაგან და წინა პლანზე წამოწევს, თუ რაოდენ აუცილებელია მათ ინკლუზიაზე მუშაობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 1 მილიარდი ადამიანი - ერთ-ერთი ყველაზე გარიყული ჯგუფია ჩვენს საზოგადოებაში და კოვიდ19-ის კრიზისი ყველაზე მძიმე დარტყმებს სწორედ მათ აყენებს ფატალური შემთხვევების კუთხით. 
 
ჩვეულებრივ სიტუაციებშიც კი შშმ პირებს ნაკლებად აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებასა და დასაქმებაზე. მცირეა თემის საქმიანობაში ჩართულობის დონეც. ისინი უმეტეს წილად ცხოვრობენ სიღარიბეში, გაცილებით მაღალია მათ მიმართ ძალადობის, უგულვებელყოფისა და შეურაცხყოფის დონე. კრიზისით დაზარალებულ საზოგადოებაში ისინი ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ. კოვიდ-19-მა კიდევ უფრო გაამძაფრა არსებული სიტუაცია, არათანაბრად იმოქმედა რა შშმ პირებზე როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად.  
 
საჭიროა ინტეგრირებული მიდგომა, რათა შშმ პირები არ დარჩნენ ყურადღების მიღმა კოვიდ-19ის საპასუხო და აღდგენითი ღონისძიებების გატარებისას.  ეს ადამიანები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ზომების მთავარი ადრესატები უნდა იყვნენ და თავად მონაწილეობდნენ მათ შემუშავებასა და განხორციელებაში. კოვიდ-19-თან დაკავშირებული ყველა ქმედება უნდა გამორიცხავდეს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას და მხედველობაში იღებდეს გენდერისა და ასაკის თანაკვეთას სხვა ფაქტორებთან ერთად. ეს საჭიროა, რათა ეფექტურად და ეფექტიანად შევძლოთ იმ ბარიერების თავიდან აცილება, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას კოვიდ-19-ის საპასუხო და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებისას. 
 
შშმ პირების გათვალისწინება ხელს შეუწყობს კოვიდ-19-ის საპასუხო და აღდგენით ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ყველასთვის სარგებლიანი იქნება, მეტად შეაკავებს ვირუსს და ხელს შეუწყობს ძველი მდგომარეობის აღდგენას. ეს უზრუნველყოფს რთულ სიტუაციებზე რეაგირების მოქნილი სისტემების ჩამოყალიბებას, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება, უპირველეს ყოვლისა, მოწყვლადი ჯგუფები.   პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა ხაზს უსვამს კოვიდ-19-ის გავლენას შშმ პირებზე და გასცემს ძირითად ზომებსა და რეკომენდაციებს ისეთი საპასუხო და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვისათვის, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა საჭიროებები; შეიცავს რა კონკრეტულ რეკომენდაციებს ძირითადი სექტორებისათვის, ადგენს მოქმედების ოთხ სფეროს, რომლებიც ყველას ეხება: 
 
1. უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მეინსტრიმინგი კოვიდ-19-ის საპასუხო და აღდგენითი ღონისძიებების გატარებისას მიზნობრივ ქმედებებთან ერთად. მეინსტრიმული და კონკრეტულ შეზღუდულ შესაძლებლობაზე ორიენტირებული ზომები საჭიროა შშმ პირთა სისტემატური ჩართულობისათვის.

 

2. კოვიდ-19-ის საპასუხო და აღდგენითი ღონისძიებების გატარებისას მისაწვდომი იყოს ინფორმაცია, ობიექტები, მომსახურებები და პროგრამები. მისაწვდომობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა შშმ პირთა ჩართულობისათვის კოვიდ-19-ის საპასუხო ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური ზომების მიღებისას. თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ინფორმაცია, შექმნილი გარემო, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, საქონელი და სერვისები არ იქნება მისაწვდომი, შშმ პირები ვერ მიიღებენ საჭირო გადაწყვეტილებებს, ვერ შეძლებენ დამოუკიდებლად ცხოვრებასა და იზოლაციაში/კარანტინში ყოფნას, ვერ მიიღებენ ჯანდაცვისა და საჯარო მომსახურებებს სხვათა თანაბრად.

 

3. უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირებთან და მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლა და მათი აქტიური ჩართულობა კოვიდ-19-ის საპასუხო და აღდგენითი ზომების მიღების ყველა ეტაპზე. შშმ პირებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ კრიზისთან ბრძოლასა და მომავლის შენებაში: არაერთ მათგანს აქვს იზოლაციაში ცხოვრებისა და მუშაობის გამოცდილება, რაც შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითისათვის დღევანდელი კრიზისის დროს. შშმ პირთა შეხედულებები და გამოცდილება მოგვცემს გამოწვევებთან შეჭიდების კრეატიული, ახალი და ინოვაციური მიდგომების მოძიების საშუალებას.

 

4. შეიქმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინება კოვიდ-19-ის საპასუხო ზომების მიღებისას. განხორციელდეს შშმ პირებისთვის ინკლუზიური ინვესტიციები. მთავრობებმა, დონორებმა, გაეროს სააგენტოებმა და სხვა აქტორებმა უნდა შექმნან მექანიზმები ინვესტიციების მონიტორინგისათვის, რათა გარანტირებულ იქნას, რომ ისინი გამოყენებული იქნება შშმ პირების საჭიროებებისათვის. ანგარიშვალდებულების გარანტირებისათვის არსებითი მნიშვნელობისაა შეზღუდული შესაძლებლობის მიხედვით ჩაშლილი მონაცემები. 
 
შშმ პირთა ჩართულობა კოვიდ-19-ის საპასუხო და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვისას არის „არავინ დატოვოთ ყურადღების მიღმა“ ვალდებულების აუცილებელი ნაწილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD), მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის საზოგადოების დღის წესრიგისა და გაეროს შშმ პირთა ჩართულობის სტრატეგიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ტესტი. შშმ პირთა ჩართულობა ასევე მნიშვნელოვანია გაეროს ვალდებულების - „ტრანსფორმაციული და გრძელვადიანი ცვლილება შშმ პირთა ჩართულობისათვის“ განხორციელებისათვის.